პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ

16.05.22 12:40


„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

 

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ გვარამიას დაპატიმრება არ არის პოლიტიკური შურისძიება.

 

„სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ამაზე ფართო წრეს სასჯელებისას, თუმცა, ვიდრე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ვნახავ, გამიჭირდება თქმა, რატომ განსაზღვრა სასამართლომ ეს სასჯელი, თუმცა, ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზიანის მოცულობა და ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს მკაცრი სასჯელის არჩევას. რა უნდა გააკეთოს სასამართლომ, გასაგებია, პოლიტიკურად აქტიურ პირზეა საუბარი, მაგრამ ჩადენილია დანაშაული.

იმის გამო, რომ სადღაც ვინმე ნეგატიურად შეიძლება იყოს განწყობილი სასამართლოს მიმართ, ამის გამო უნდა გაჩერდეს მართლმსაჯულება პირების მიმართ, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი?! ეს ხომ მართებული არ იქნება. ეს დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება სასამართლოსთვის, რომ მართლმსაჯულება აღასრულოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ არც ის აჩენს კითხვებს, როცა სამი ოპოზიციური მედიამენეჯერის მიმართ არის ბრალდებები სასამართლოში და აცხადებს, რომ ყველა ეს არხი "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული, რომლის მმართველობისთვის დანაშაულის ჩადენა დამახასიათებელი იყო.

 

"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მან მცდარი შეფასება გააკეთა.

 

„არ მგონია, რომ სახალხო დამცველმა კორპორაციული სამართლისთვის დიდი აღმოჩენა გააკეთა, მცდარი შეფასებაა გაკეთებული, როცა ნათქვამია, რომ იმთავითვე გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა მოცემულ შემთხვევაში,"- განაცხადა სარჯველაძემ.

 

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები