პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

16.05.22 13:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადი და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები იყო.

 

ბულგარეთის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსებას და ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს წარმატებული სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული რეფორმები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი სათანადოდ დაფასდება ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მისწრაფებების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე.

 

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - კერძოდ 30 წელს და აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების და ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებასა და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით.

 

მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ ხალხთაშორის კონტაქტებს და ტურიზმის სექტორის გააქტიურებით ხალხთაშორისი მეგობრობის კიდევ უფრო ხელშეწყობას.

ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილი სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები