ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXXII თავი II

24.10.16 18:05


ახლა ვნახოთ, ამ ქართულ ტერიტორიაზე ვინ ცხოვრობდა ძველთაგანვე.

ერევნის მიერ მოსყიდული, პროფესორი ნ.ტოკარსკის მიხედვით: „ ტაო -კლარჯეთში მოსახლეობის ძირითად მასას შეადგენდნენ სომხები, რომლებიც აქ ქალკედონობის ოდინდელი მიმდევრები იყვნენ. მათ ქართველ ახალმოსახლეთა გვერდიგვერდ ცხოვრებისას, რომლებიც არაბთაგან და ეპიდემიებისგან გაჩანაგებულ მხარეში IX საუკუნეში გამოჩნდნენ, ნელ-ნელა დაიწყეს დენაციონალიზაცია“ იგი უფრო შორს წავიდა და ტაო კლარჯეთის ქართული არქიტექტურის ძეგლები სომხურად გამოაცხადა. მას მეცნიერულად გამანადგურებელი პასუხი გასცა აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშამ. თუმცა რა, ახლა ტოკარსკის უნიადაგო „თეორიას“ გამგრძელებელი გამოუჩნდა ს. კარაპეტიანის სახით, რომელიც შეეცადა დიდი ხნის წინ უარყოფილი თეორიის რეანიმაციას. აქ ისევ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მოვიშველიებთ, რომელიც წერდა: „ რანაირად მოხდა, რომ მოსახლეობის „ძირითადი და „ძირძველი“ მასა, რომელიც თანაც მრავალი ძაფით იყო საკუთრივ სომხეთთან დაკავშირებული, იმდენად დაემორჩილა რიცხობრივად მცირე ქართველ ახალმოსახლეთა გავლენას, რომ სულაც გაქართველდა? ტაო კლარჯეთელმა სომხებმა რაღა მაინცდამაინც ქართული გავლენა განიცადეს? ბერძნულ აღმოსავლური მართლმადიდებლობა, ან სხვა სიტყვებით ქალკედონობა, რომელიც ტოკარსკის (მისი მიხედვით კარაპეტიანიც ასე ფიქრობს - ბ.ა.) აზრით, იყო ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი ტაო-კლარჯეთელ სომხებსა და ქართველებს შორის, ხომ უფრო მეტწილად აერთიანებდა ამ სომხებს ბიზანტიელ ბერძნებთან, რატომ მოხდა ამ სომხების ასიმილაცია მაინც და მაინც ქართველებთან და არა ბერძნებთან? მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მოსახლეობის ძირითადი მკვიდრი მასა ტაო - კლარჯეთის ტერიტორიაზე ოდითგან ქართული იყო - ენით, კულტურით და სარწმუნოებით (დიოფიზიტობა), ხოლო სომხები, თუ კი ისინი სადმე იყვნენ, წარმოადგენდენ სწორედ ახალ მოსახლეებს. სომხების მცირე ახალმოსახლეთა არსებობა შეიძლება დავუშვათ უმთავრესად სპერის, ბასიანისა და სამხრეთ ტაოსთვის ქართველ მეცნიერს ეს დასკვნა გამოტანილი აქვს ბიზანტიური ქართული და სომხური წყაროების სკრუპულოზური ანალიზის შედეგად და არა კარაპეტიანისებურად ჰაიჰარად.

ს. კარაპეტიანი ზემოთ მოტანილ ამონარიდში ტაოს ქართულ საკულტო ძეგლებს--ბანა, ოშკი, იშხანი და სხვას--„სომხური ოქროსდარ არქიტექტურის ძეგლებს “ უწოდებს: თურმე „სომეხმა მცხოვრებლებმა ამ ხუროთმოძღვრებაში დიდებულად გადმოსცეს თავიანთი სარწმუნოება (ე. ი. მონოფიზიტობა--ბ. ა.).’’ იგი არც ამას დასჯერდა და თავგამოდებით გვარწმუნებს, ასეთივე მდგომარეობა იყო „გუგარქის დასავლეთ და ცენტრალურ პროვინციებში (არტაანი, თრეღქ (თრიალეთი-ბ. ა.), კლარჯქ, შავშეთი, ჯავახქ, სადაც კი სომხები ცხოვრობდნენ ‘’-ო.

ასეთი ზღვარგადასული სიცრუე ქართველთმოძულე ხელოვნებათმცოდნე პროფ. ტ. მარუთიანსაც კი არ დაუწერია, რომელმაც სპეციალურად ვრცელი მონოგრაფია მიუძღვნა ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებას („სიღრმითა სომხეთი’’ 1978, სომხ. ენაზე ) საინტერესოა, როგორ არის გადმოცემული „სომხური მონოფიზიტური ‘’ სარწმუნოება ოშკის ან ბანას ქართულ არქიტექტურულ ანსამბლში. ამის შესახებ არავითარი მტკიცებულება არ მოაქვს და ისე, მისთვის ჩვეული ზეპირი განცხადებით კმაყოფილდება. თუმცა , რა უნდა მოსთხოვო კარაპეტიანს,, როცა ქართული საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი კუმურდო (X) სომხურად გამოაცხადა და მისი აშენების ინიციატორი ქართველი ეპისკოპოსი სომეხ ჰოვჰანესად „მონათლა’’, ხოლო კუმურდო წმ. ჰამბარძუმის სახელობის ტაძრად აქცია.

ვინაიდან კარაპეტიანი სუბიექტურია ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის ვინაობისა და აქ არსებული არქიტექტურული ძეგლების კუთვნილების კვლევის საკითხში, დასკვნაც შესაბამისად ტენდენციური გამოაქვს და წერს: „ბუნებრივია, X-XIII საუკუნეებში სომეხი ქალკედონიტების სამწერლო და ოფიციალური ენა იყო ქართული, ამას მოწმობს მრავალრიცხოვანი ქართული ეპიგრაფია.’’

აკად. ს. ჯანაშიამ ეჭვმიუტანლად დაამტკიცა, რომ ტაო-კლარჯეთის მოსახლეობა ოდითგანვე იყო ეროვნებით ქართული, რელიგიური აღმსარებლობით კი--დიოფიზიტური. ამიტომ, საუბარი მათ წინანდელ არაქართველობასა და მონოფიზიტობაზე ფაქტებზე ძალდატანებაა და მეტი არაფერი. ამის გაგება არ უნდათ კარაპეტიანის მსგავს ვაიმეცნიერებს. მაგრამ რას იზამ, ადამიანმა შეიძლება რიყეზე გაიაროს და ლოდიც ვერ შენიშნოს.

შემდეგ კარაპეტიანი წერს: „XV--საუკუნეში ბიზანტიის იმპერიამ საქართველო დაყო რამდენიმე წვრილ სამთავროდ (საინტერესოა, ბიზანტიამ როგორ დაყო საქართველო წვრილ სამთავროებად, როცა ამ დროს ბიზანტიის იმპერია დაშლის პირზე იყო. 1453 წელს კი კონსტანტინეპოლიც დაეცა--ბ. ა.). ამ ცალკეულ სამთავროებზე საგრძნობლად შესუსტდა ბიზანტიური წესის (ე. ი. ქართული ეკლესიის--ბ. ა.) პოზიციები და ამიტომ სომეხი მოსახლეობის ქალკედონური ნაწილი დაუბრუნდა მონოფიზიტობას. საგრძნობმა ნაწილმა კი ვერ გაუძლო თურქ დამპყრობთა სასტიკ დევნა--შევიწროვებას და გამაჰმადიანდა’’ (გვ. 421--აქ იგულისხმება მესხეთ-ჯავახეთი-ბ. ა.).

არგუმენტაციის გარეშე მსჯელობა კარაპეტიანისათვის უცხო არ არის, მაგრამ ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი. მართალია, XVI საუკუნიდან დაიწყო მესხეთ-ჯავახეთის ქართული მკვიდრი მოსახლეობის გამაჰმადიანება თურქ დამპყრობთა მიერ, მაგრამ ქართველ დიოფიზიტთა მიერ მონოფიზიტობაზე გადასვლა თვითგადარჩენის საშუალება იყო. საქმე ისაა, რომ სომხებმა თურქეთის სულთანისაგან მიიღეს ხელშეუხებლობის ფირმანი. ამ ფირმანის ძალით მონოფიზიტების, ე. ი. სომხების გამაჰმადიანება იკრძალებოდა. უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართველებს გამაჰმადიანებას ისევ მონოფიზიტობაზე გადასვლა ერჩიათ. ამით ისარგებლეს სომეხმა სასულიერო პირებმა და მათ ქართული გვარები სომხურით შეუცვალეს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროზელიტი სომხების შექმნილია ჯავახეთის სულიერი და მატერიალური ძეგლები, როგორც ეს ს. კარაპეტიანს სურს წარმოაჩინოს. ჯავახეთის უძველესი და მდიდარი კულტურა შექმნილია მკვიდრი, ოდითგან ქალკედონიტი ქართველების მიერ. ამაზე მეტყველებს, როგორც არქეოლოგიური მასალა, ისე ლიტერატურული ძეგლები, აგიოგრაფია და ა. შ. ეს ყველაფერი ეკლად ესობა გულზე კარაპეტიანს და ვერაფრით მოუნელებია. მაგრამ რაც განვიხილეთ, იყო წინაპირობა იმისა, რომ მას შედეგი განეცხადებინა: „დღეს, 607 წლიდან ქალკედონიზმზე მოქცეული საქართველოს ბიზანტიური წესის ეკლესია, თანმიმდევრულად იცავს თავის უფლებას და „ქართულად’’ აცხადებს X-XIII საუკუნეებში სომეხ ქალკედონიტთა მიერ აგებულ ვანქებს და ეკლესიებს...მოითხოვს მათ ქართულ იურისდიქციაში მოქცევას’’ (გვ. 421 ). როგორც ვხედავთ, მას ქართული მხარის ეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ და არასამართლიანად მიაჩნია. ისე კი, კარაპეტიანს მისდაუნებურად წამოსცდა სიმართლე, როცა დაწერა : „სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, სომეხი ქალკედონიტების საკულტო ძეგლები შეიძლება მივიჩნიოთ ქართულად’’. მისი ჭკუით ქართული საპატრიარქოს მოთხოვნაში წინააღმდეგობა „აღმოაჩინა’’ და გახარებული შენიშნავს, ქართული მხარე მოითხოვს სომხურ-ქალკედონურ საკულტო ძეგლებს--ახტალას, ქობაირის, ჰნევანქს, თეჟარიუქს და სხვებს და იქვე სვამს კითხვას: „საინტერესოა, რატომ ერთნაირი პრინციპით არ უდგება ამავე სომხურ ქალკედონიტურ ძეგლებს, როგორ გავიგოთ ის, რომ მათ თვალწინაა ქართული ეკლესია, მაგრამ მას „არ მოითხოვენ?’’ მაგალითად, ზვართნოცი და არუჭი-ზე ქართული ეპიგრაფიკა არ არის?... ეს კი უსათუოდ ასეა!’’ ამ ლოგიკას თუ გავყვებით, განაგრძობს: „ არცახის (ყარაბაღი--ბ. ა.) ხაჩენის სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის სააღმშენებლო წარწერა არის რუსული, მაშინ გამოდის, იგი რუსეთის ორთოდოქსულ ეკლესიას უნდა გადაეცეს? მარსელის სომხური ეკლესიის სააღმშენებლო წარწერა არის ფრანგულ ენაზე, ამიტომ საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ უდა მოითხოვოს მისი გადაცემა? სინგაპურის სომხურ ეკლესიაზე ინგლისურ ენაზეა ქტიტორული წარწერა შესრულებული და ა. შ. ასეთები რამდენიც გინდა, იმდენია...’’ (გვ. 422).

ს. კარაპეტიანს თუ მართლა ჰგონია, საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულ ეკლესიებს მხოლოდ მათზე არსებული ქართული სააღმშენებლო წარწერების გამო მოითხოვს გადაცემას, ძალიან ცდება. ქართული ეპიგრაფიკის გარეშეც ეს ეკლესიები ქალკედონიტურია და ქართულ მხარეს უფლება აქვს მათი იურისდიქციაში მოქცევა მოითხოვოს. ამ საკულტო ძეგლების ქალკრდონიტურობა მეცნიერულად არის დამტკიცებული, როგორც ქართულ ისე არაქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში და ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუ ეჯმიაწინს აქვს უფლება, საქართველოში არსებული რამდენიმე გრიგორიანული ეკლესიის გადაცემა მოითხოვოს, საქართველოს საპატრიარქოს რატომ არ შეუძლია , სომხეთში არსებული ქალკედონიურ ეკლესიებზე პრეტენზია განაცხადოს?. რაც შეეხება ზვართნოცის, არუჭის, ბაგავანის, გრენის, დიდნაშენის და სხვა ქალკედონურ ეკლესიებს, მათი გადაცემის საკითხს მალე დააყენებს ქართული მხარე და კანონიერად მიიღებს კიდეც, მართალია მათ გარშემო სომეხი მონოფიზიტური მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ეს ვერ შეუშლის ხელს ამ ეკლესია-მონასტრებში ქართველი ბერ-მონაზვნების იქ მოღვაწეობას.

ამ ე. წ. ნაშრომს კარაპეტიანი ასე ამთავრებს: „სამწუხაროა, რომ ქართული ეკლესიის პასუხისმგებელი პირები ასეთ უპასუხისმგებლო და აბსურდულ „მოთხოვნებს’’ აყენებენ. სინამდვილეში ეს არის უსუსური მცდელობა, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიის ქართულ თემს არ გადაეცეს რამდენიმე სომხური ეკლესია. სომხური მხარის ამ სამართლიანი მოთხოვნის შესრულება უკვე რამდენი ხანია ჭიანურდება ‘’ (გვ. 422 ).

ს. კარაპეტიანს არ აქვს მორალური უფლება პასუხისმგებლობაზე ილაპარაკოს, რადგან თვითონ აკეთებს უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მან ქართველ ხალხს - ცივილიზაციის დამანგრეველი ერი ეწოდა , საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II, რბილად რომ ვთქვათ აუგად მოიხსენია , საქართველოში 653 „სომხური ეკლესია“ აღმოაჩინა, აქედან სულ ცოტა ოთხმოცი პროცენტი მაინც ქართული, არც აცივა, არც აცხელა და სომხურად გაიტანა ... ყოველივე ამის შემდეგ ყოფნის თავხედობა და აქეთ გვედავება ; რას იზამ , ქაღალდი ყველაფერს იტანს ...

კრებული „სომხეთის ჩრდილოეთის კარიბჭე : ჯავახქ , ლორი „ მართლაც თვალსაჩინო ნიმუშია იმისა , როგორ არ უნდა იწერებოდეს საქართველო - სომხეთის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია , რადგან მასში შესულ ნაშრომთა უმრავლესობა ამ ისტორიას ან ტენდენციურად აშუქებს , ან სულაც გაყალიბებულად წარმოადგენს .




ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
1. ქართლის ცხოვრება , ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ტ.1 1995 , გვ. 10.

2. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს , რომ ძვ . წ. აღ - ით IIIს-ში იბერიის სამეფო უფრო ძლიერი იყო , ვიდრე სომხეთის . - იხ. ჩ . ოუმანო ფფ , შტუდიეყ ინ ცჰრისტიან ჩაუცასიან ისტორყ , 1963, გვ. 449 , 452 , აგრეთვე - „სომეხი ხალხის ისტორია „ ტ . 1 1978 , გვ . 513 (სომხ . ენაზე )

3. ქსე , ტ . X , 1986 , გვ . 458 – 461.

4. Н. Токарский << Архитектура древней Армении >> ერევანი , 1946 , გვ . 200-204.

5. ს. ჯანაშია , ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ , თბილისი , 2003 , გვ. 17-18.

6. იხ. ჩვენი რეცენზია - „ქვანი კვლავ ღაღადებენ „ // ჟ . მნათობი „ 1998 #7-8 . ეს რეცენზია შესულია ამავე სახელწოდების ჩვენი შრომების კრებულში . 2004 , თბ., გვ . 3-46.

7. იხ. ჩვენი რეცენზია - „არც ეგრეა თაყაო ... „ // ჟ . „ჩვენი მწერლობა „. 2011 , #8

8. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე , ქართველთა დენაციონალიზაცია XVII – XX საუკუნეებში , თბ., 2010 , გვ. 202 – 247.

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები