პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანს შეხვდა

24.05.16 18:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის დასრულების თაობაზე.

გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით განვითარებას. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა DCFTA-ს ეფექტურად განხორციელებისათვის ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ფინანსური ინსტრუმენტის მნიშვნელობა, რომელიც 26 მაისიდან ამოქმედდება.

ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზაობა დამატებით შეუწყოს ხელი საქართველოში ეფექტიანი მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას.

სექტორულ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით ხაზი გაესვა სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები