პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ორი პირის ვინაობა, რომელმაც „კრწანისის“ სასწავლო ცენტრიდან გაქცევა მოახერხა, ჯერ კიდევ დაუდგენელია

27.10.16 20:35


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ”კრწანისის” სასწავლო ცენტრში მომხდარი შემთხვევის მონაწილე ორი პირის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია და შესაბამისად, მომხდარი შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ უწყებას არ აქვს ინფორმაცია, დატოვეს თუ არა ამ პირებმა საქართველო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, იმ მოტივით, რომ გიგა შენგელიას თანმხლები პირების ვინაობა დაუდგენელია, სამხედრო პოლიციას არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუმართავს იმის დასადგენად, გადაკვეთა თუ არა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრიდან გაქცეულმა ორმა პირმა საქართველოს საზღვარი.

”არ ვიცით, ჯერჯერობით სად არიან და ვინ არიან ეს პირები, თუმცა ძალიან მალე იქნება ყველაფერი დადგენილი”, - განუცხადეს ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიგა შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები