ანალიტიკა

სოხუმში დამპყრობლების „ელჩი“ აფხაზებს რუსული სამხედრო ბაზის გაყვანით დაემუქრა და მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა

30.08.22 12:40


სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის ელჩმა მიხეილ შარგულინმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა 2022 წლის 29 აგვისტოს. იგი აფხაზებს გუდაუთაში დღესდღეობით განლაგებული რუსული ბაზის გაყვანით დაემუქრა ანუ რეალურად - დეოკუპაცია.

 

ცხადია, რომ ამჟამინდელი მარიონეტული სოხუმის რეჟიმისთვის ეს სიკვდილის ტოლფასია, რადგან სეპარატისტული რეჟიმი მხოლოდ რუსული ხიშტების იმედად არის და რასაც „აფხაზურ არმიას“ ეძახიან აბსოლუტურად ბრძოლისუუნაროა. თავად აფხაზი ხალხისთვის ერთიან საქართველოში დაბრუნება ხსნა იქნება. საბოლოოდ, მისი დეგრადაციის პროცესი შეჩერდება და ერთ სახელმწიფოში დაიწყება მშვიდობიანი შემოქმედებითი ცხოვრება მოძმე ქართველ ხალხთან ერთად.

 

ცხადია, რუსეთი არ აპირებს განახორციელოს "მუქარა" აფხაზეთის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს თუ რა კონტექსტში გაჟღერდა რუსეთის ფედერაციის „ელჩის“ მუქარა საქართველოს აფხაზეთის ოკუპირების თაობაზე.

 

სოხუმში ე.წ. „რუსეთის ფედერაციის საელჩოში“  2022 წლის 29 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა „ელჩ“ მიხეილ შურგალინსა და აფხაზ ქალებს შორის. ამ შეხვედრის დეტალებს სეპარატისტული „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს. ამ წყაროს ცნობით აფხაზი ქალები იტყობინებიან, რომ აფხაზი ხალხის უმეტესობა ეწინააღმდეგება ქალაქ ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის გასხვისებას, რადგან ეს „ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს".

 

ქალებმა ელჩს აუწყეს, რომ აღნიშნული შეთანხმება იწვევს საზოგადოებაში დაძაბულობას და ქალებს არ სურთ, რომ  სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს და ქვეყანაში წარმოიქმნას ძალადობრივი დაპირისპირება საზოგადოებასა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის და რომ ანტი-რუსული სენტიმენტები არ გაჩნდეს საზოგადოებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ ფაქტზე, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უმეტესად აფხაზეთის ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელიც „აფხაზეთის კანონებსა და კონსტიტუციას უგულებელყოფს“.

 

ქალები მოუწოდებდნენ ელჩს, გამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება და რაც შეიძლება მალე გაეუქმებინა ეს შეთანხმება. მაგრამ ამ განცხადებების საპასუხოდ ოკუპანტების წარმომადგენელმა (ეს ფაქტობრივად ოკუპირებული აფხაზეთის სრულუფლებიანი რუსი "მეფისნაცვალი"), მართალია "დიპლომატიურად", მაგრამ უხეშად აფხაზი ქალების მეშვეობით, კიდევ ერთი ულტიმატუმი გადასცა აფხაზ ხალხს. მიხეილ შურგალინმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აგარაკების გასხვისების საკითხი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის „ლაკმუსის ტესტი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ობიექტის მაგალითზე, მთავრობა გამოიტანს დასკვნებს პარლამენტის მიერ რუსებისთვის მიწის და უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

 

„თუ პარლამენტი მოახდენს ამ შეთანხმების რატიფიცირებას, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას“, - განაცხადა „ელჩმა“.

 

გამოდის, რომ ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემა სხვა საკითხზეა მიბმული და აფხაზური მიწების გაყიდვას უკავშირდება. თანაც, ცოტა ხნის წინ აფხაზურ მიწასთან დაკავშირებული საკითხი წამოწია თავად სომხური ლობის ერთგულმა მსახურმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა.

 

ანუ გასაგებია, რომ მათ გადაწყვიტეს აფხაზების „დამცირება, დაცემა და გათელვა“ კომპლექსურად, აიძულონ მათ მიატოვონ როგორც ბიჭვინთა (რომელსაც კრემლის ხელმძღვანელობა მიითვისებს აგარაკების სახით), ასევე მიწა (რომელსაც სომეხი ჩამოსახლებულები შეიძენენ) და სახელმწიფოებრიობა (რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. "საკავშირო სახელმწიფოს" ფარგლებში ანექსიის გზით, რაზედაც უკვე დაწერა "კავკასუს პლუსმა" ).

 

და იმისათვის, რომ აფხაზებმა გაიგონ, რომ მათთან ხუმრობას აღარავინ აპირებს, მიხეილ შურგალინი აფხაზეთის დეოკუპაციით  დაიმუქრა სამხედრო ბაზის გაყვანით გზით. ანუ „იმუქრება“ იმით, რომ თუ ოკუპანტები და აფხაზურ მიწებზე პრეტენზიების განმცხადებლები „თავისას“ ვერ მიიღებენ, აფხაზებს უბრალოდ „გადააბარებენ“ საქართველოს.

 

შურგალინის თქმით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის სახელმწიფოსთვის და თუ აგარაკი არ გადაეცემა რუსეთს, მაშინ სამხედრო ბაზამ შესაძლოა ქვეყანა დატოვოს, რაც შეაჩერებს აეროპორტის მშენებლობასთან რკინიგზასთან და ა.შ.  დაკავშირებულ საინვესტიციო პროგრამებს.

 

პრინციპში, გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზა უკვე „ნახევრად ცარიელია“. ჯარისკაცების უმეტესობა გაყვანილია და "უკრაინის ფრონტზე" გადაისროლეს. თუმცა, ოფიციალურად არავინ აპირებს აფხაზეთიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. სახეზეა რუსეთის ფედერაციის მორიგი შანტაჟი, მაგრამ აფხაზური საზოგადოებისთვის აუცილებელია არ აყვეს ოკუპანტების მუქარასა და ულტიმატუმებს, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეს  აფხაზური მიწების უცხოებზე გადაცემას ან გაყიდვას და აქტიურად დაიწყოს მოძმე ქართველ ერთან შესარიგებელი გზების ძიება.

 

 

გრიგოლ გიორგაძე 

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები