პოლიტიკა

ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა — ხაზარაძე

06.12.22 12:40


პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მესამე პრეზინდეტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ როგორც 30 წლის წინ, ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.

 

ხაზარაძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება, შემდეგი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს.

 

„ღალატი – ქართული ფენომენი. 30 წელი ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ. იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს, იმ იმედით, რომ აი, ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ის, რომ ადამიანი, მოქალაქე იქნება დაცული, თუმცა… უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად. და შემდეგ, ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტკინებულები და განაბულები მისი სასაკლაოზე გაყვანის ფინალური სერიის მოლოდინში შევცქერით სისხლიან დასასრულს.

 

ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო, ღალატის, რომელშიც მისი გარემოცვა და მტრები თანაბრად მონაწილეობდნენ. მაშინ საღმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, პრეზიდენტი მოვკალით! დიახ, ყველამ ერთად მოვკალით, მიუხედავად მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა, ის მოკლა ღალატმა, რომელიც პროცესების თანმხლები იყო, როგორც ქართული ფენომენი“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, იმედია, დადგება დრო და საკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა.

 

„სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში, ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.

 

არაბული ანდაზაა, ის , რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი მეორედ მოხდეს, და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდებაო. მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს, თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება, ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება უნდა დამთავრდეს.

 


ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები