მსოფლიო

გიუმრიში რუსულ სამხედრო ბაზასთან აქციაზე სომეხი აქტივისტები დააკავეს

09.01.23 14:20


სომხეთის არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ “ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი” სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზასთან 8 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა, სადაც მთიანი-ყარაბაღისთვის ერთადერთი გზის ჩაკეტვაში რუსი სამშვიდობოები დაადანაშაულა.


ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბრიდან არის ჩაკეტილი აზერბაიჯანელი “ეკო-აქტივისტების” მიერ. ოფიციალურად მიზეზად, მათ ყარაბაღში საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და ყარაბაღში ეკოლოგიური პრობლემები დაასახელეს. თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდაა. ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით, სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს საპროტესტო აქციები იმართება.

 

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რუსმა სამშვიდობო ძალებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა სომხეთსა და მთიან-ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა, ვალდებულება შეასრულონ.

 

ამასთან, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სომხეთ უნდა გამოვიდეს ორგანიზაცია ОДКБ-დან და “რუსულ ოკუპაციას” უთხრან “არა”.

 

როგორც გამოცემა azatutyun.am წერს, აქციაზე ერევნიდან პოლიციელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთაც აქციის მონაწილეებს სამხედრო ბაზასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით კი, როდესაც აქციამ მემორიალურ კომპლექსთან გადაინაცვლა, რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავეს.


ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები