პოლიტიკა

გია ვოლსკი - მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში, რასაც კასიანოვი დახმარებას ეძახის, მისი განცხადებები არაადეკვატურია

09.01.23 17:20


ანდრეი კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რაც 2008-ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში. რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკის თქმით, ანდრეი კასიანოვის განცხადებები არაადეკვატურია.

 

„იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება-გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი, საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებს ზოგიერთ ჩინოსანს, მაგრამ, ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და, როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით. არა მარტო იარაღის გადაცემაზე, არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა. უკრაინიდან თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს ჩარტერული რეისებით, ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ადეკვატური იქნებოდა. ამიტომ ვამბობთ, მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა – ეს ის ინტერესია, რომელსაც დღემდე დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. რაც შეეხება ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რამე გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. როცა ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ ვამბობთ, და სწორედაც ვამბობთ, რომ, ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორე, იქ რა გარიგებები მოხდა, ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი. ამ თემაზე საუბარი არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს – არ გულისხმობენ საქართველოს ომში ჩართვას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში ნათქვამია: „უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა“.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები