პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 2020 წელს გახარიამ გაზსაცავის მშენებლობაზე უარი თქვა, ხოლო ამ მიზნით გამოყოფილი სესხი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაამისამართა – ამ ნაბიჯით, საქართველო გაზსადენის გარეშე დარჩა, სესხი კი ჩვენს ვალებს დაემატა

12.01.23 10:20


2020 წელს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უარი თქვა გაზსაცავის მშენებლობაზე, ხოლო ამ მიზნით გამოყოფილი გერმანიის მთავრობის სესხი – 120 მლნ ევრო – კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაამისამართა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

როგორც სუბარი აღნიშნავს, გახარიას ამ ნაბიჯით საქართველო გაზსადენის გარეშე დარჩა, სესხი კი ქვეყნის ვალებს დაემატა.

 

„2025 წელს უნდა დამთავრებულიყო 300 მლნ. კუბ. მეტრის მოცულობის სამგორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა. ეს პროექტი სერიოზულად გაზრდიდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტია. ძლიერი ეკონომიკა კი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გარანტიაც არის და დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის საფუძველიც. 2020 წელს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უარი თქვა გაზსაცავის მშენებლობაზე, ხოლო ამ მიზნით გამოყოფილი გერმანიის მთავრობის სესხი – 120 მლნ ევრო – კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაამისამართა. ამ დროს საქართველოს უკვე ჰქონდა საკმარისი დახმარება კოვიდის წინააღმდეგ. გახარიას ამ ნაბიჯით საქართველო გაზსადენის გარეშე დარჩა, სესხი კი ჩვენს ვალებს დაემატა. იქნებ გვიპასუხონ გახარიას თანაპარტიელებმა, ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების შეგნებული ღალატი ხომ არ იყო? და თუ მართლა აწუხებთ საქართველოს იზოლაცია, იქნებ აგვიხსნან, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას უფრო აქვს დასავლური ინტეგრაციის შანსი თუ მთლიანად სხვის დახმარებაზე დამოკიდებულს? ან იქნებ სწორედ ეს იყო მიზანი – საქართველოს სუვერენიტეტის სრული დაკნინება, რომ უფრო ადვილად სამართავი გავხდეთ გარედან?”, – წერს სოზარ სუბარი Facebook-ზე.

 

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით:

 

„ხალხის ძალის“ სახით გააჩინეს წარმონაქმნი, რომელიც ძირს უთხრის დასავლეთს ქვეყანაში – ასეთი რიტორიკა პარტნიორებში ქმნის განწყობებს, რომ საქართველომ იზოლაციისკენ მიმართული კურსი აირჩია“.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები