პოლიტიკა

„თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი“ - მაიკლ მაკფოლი

13.01.23 11:00


რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი კიდევ ერთხელ, ამჯერად ,"ამერიკის ხმასთან'' ინტერვიუში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სათანადო მოპყრობა.

 

ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას, რომლის იმიჯიც, ამერიკელი დიპლომატის შფასებით, დასავლეთის თვალში უკვე ისედაც შერყეულია.

 

ამერიკელი დიპლომატი და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ასევე, სანქციებისგან თავის აცილებაში რუსეთისადმი საქართველოს დახმარებაზეც საუბრობს.

 

"100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი. როცა იკითხავენ, თუ რითია ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა.  მე მაწუხებს მისი ციხეში სიკვდილის უარყოფითი შედეგები. ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს. თუ ის ჯანმრთელია, იმედია, გვაჩვენებენ ამის მტკიცებულებებს. კარგი ნაბიჯი იქნებოდა მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ მას არ ემუქრება სერიოზული საფრთხე, როგორც ამას ზოგიერთი ექიმი ვარაუდობს.

 

ტრაგიკულია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს.  ფაქტი, რომ ბრიუსელში მოლდოვასა და უკრაინის მოწვევა გადაწყვიტეს და არა საქართველოსი, ვფიქრობ, არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ ხედავენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. რაც შეეხება რუსეთისადმი დახმარებას სანქციების აცილებაში. 2023 წელს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა სანქციების რეჟიმის ხარვეზების გასწორებას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან" ,- ამბობს რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლი. ამასთან, მის მიერ მანმდე გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან მკაცრი და უხეში განცხადებები მოჰყვა. „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკელი დიპლომატი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "თავიდან ავიცილოთ, ძალიან, ძალიან ცუდი შედეგი". 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები