პოლიტიკა

გიგა ბოკერია - დამნაშავე „პუტინისტები“ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ხელშეუხებელნი არიან

16.01.23 17:00


დამნაშავე „პუტინისტები“ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ხელშეუხებელნი არიან, რადგან სწორედ მათზე დაყრდნობით ინარჩუნებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე მსჯავრებულების მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

ბოკერიას შეფასებით, აღნიშნულ საქმეში ერთი საკითხი შემსრულებლების არასათანადო დასჯა, მეორე თემა კი ორგანიზატორების ხელშეუხებლობაა.

 

„ერთი საკითხია შემსრულებლების, მათი არასათანადო დასჯა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. მათ თავიდანვე არასწორი მუხლით ჰქონდათ ბრალი წაყენებული, რადგან უფრო მძიმე მუხლი უნდა ყოფილიყო. ახლა უფრო შეუმსუბუქეს და ალბათ, კიდევ შეუმსუბუქებენ. მეორე, მთავარი საკითხი კი ისაა, რომ საჯაროდ ორგანიზატორები და ივანიშვილის რეჟიმის ამ პუტინისტური ნაწილის ლიდერები, სრულიად ხელშეუხებელნი არიან. ეს იგივე ხალხია, ვინც ტელევიზიაში ამბობს, რომ ამას კიდევ იზამდნენ. ასევე, ეს იგივე ხალხია, რომელიც საჯაროდ პუტინს გულშემატკივრობს უკრაინის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ. ეს ხალხი სრულიად ხელშეუხებელია.

 

ამიტომ, თუ ვინმეს ამ რეჟიმის სახის შესახებ რაიმე ილუზია კიდევ დარჩა, ამ ყველაფრით მაინც უნდა მიხვდეს, რომ ივანიშვილის სახე პუტინისტური პროპაგანდა, განწყობა და სულისკვეთებაა, რადგან მათ ეყრდნობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

 

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები