მსოფლიო

ევროკავშირის მისია 2 წლიანი მანდატით სომხეთში ჩავიდა

21.02.23 14:20


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 100 წარმომადგენელი, რომელთა შორის 50 არ არის შეიარაღებული, სომხეთში ორწლიანი მანდატით ჩავიდა.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან  (EU Mission in Armenia/EUMA) ხანგრძლივად განთავსების გადაწყვეტილება 23 იანვარს იყო მიღებული.


მისიის მიზანი, ევროკავშირის ოფიციალური განცხადების შესაბამისად, სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული რაიონების ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა.

 

მხარეებს შორის 2022 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა. შემდეგ კი მისიის ხანგრძლივი დროით განთავსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

 

ევროკავშირის მისიის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებას მოსკოვი და ბაქო ეწინააღმდეგებოდნენ.

 

რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საფრთხეების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] სომხეთში გრძელვადიანად განთავსების შემთხვევაში.

 

“იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები ვართ და ОДКБ-ს [„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“] მისია სრულიად მზადაა, სომხური მხარე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებას ამჯობინებს. ეს არის აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს და, სავარაუდოდ, თუ ეს მისია აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე განთავსდება, შეიძლება ის კონტრპროდუქტიული იყოს: ნდობის გამყარების ნაცვლად, შესაძლოა ამან საზღვარზე შექმნას დამატებითი გამღიზიანებლები”.

 

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები. დასავლეთის ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში განსაკურებით უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ გაიზარდა. ამასთან, სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები