პოლიტიკა

მკაცრად ვგმობ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას, მეგობრები ალბათ, ასე არ იქცევიან - წულუკიანი მოსამართლეების დასანქცირებაზე

11.04.23 14:20


საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას გმობს და აცხადებს, რომ ეს დაუშვებელი გადაწყვეტილება იყო.

 

თეა წულუკიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაუგებარია იმ ფონზე, როცა სწორედ დასავლეთი იყო უვადო მოსამართლეების დანიშვნის მომხრე.

 

„როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მინდა, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. 

 

 ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის – და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის – ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო. მოლდოვა და უკრაინა როდესაც წინ დააყენა და უთხრა, გაიარეთ და საქართველო არ გაატარა იმ გზაზე, რომელზეც საქართველო არის ამ ორ ქვეყანაზე უფრო მეტად წარმატებული. ასევე, დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო იმის მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ცნობით.


თეა წულუკიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირია, ყველაფერზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, თუმცა, „ბევრი რამ ახსოვს“.

 

„მე ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს, სად ვმუშაობ - პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ყველაფერზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს. უბრალოდ, ყველას შევახსენებ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, სათავეში ვედექი მართლმსაჯულების რეფორმის პირველ ტალღას, მეორე ტალღას, მესამე ტალღას და საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღებას, რამაც მეოთხე ტალღასთან ერთად, საქართველოსთვის დიდი ნახტომები მოიტანა მართლმსაჯულებაში“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები