პოლიტიკა

საქართველოში ბულგარეთის ელჩი: ბულგარეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

11.04.23 16:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სხდომაზე, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, დიპლომატმა როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე ბულგარეთის საგარეო პოლიტიკაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საკუთარი ქვეყნის ხედვაზე ისაუბრა.

 

„მას შემდეგ, რაც ბულგარეთი გახდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ჩვენი საერთო მიზანია მოვახდინოთ კიდევ უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, ამისთვის, ჩვენ გვჭირდება უფრო კეთილგანწყობილი გარემო, რაც ნიშნავს უფრო მეტ თანამშრომლობას ჩვენს მეგობრებთან და ამ თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას წარმოადგენს“, - განაცხადა ელჩმა.

 

მომხსენებელმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა გამოხატა.

 

„ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გაუსვა ხაზი ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. გაფართოების ახალი მასშტაბი ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ამიტომ, ჩვენ ვართ გაფართოების ძლიერი მხარდამჭერები“, - განაცხადა ვესელინ ვალკანოვმა.

 

ელჩმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ზეგავლენამ შავი ზღვის რეგიონში შექმნა უსაფრთხოების

მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის ისე, სხვა ქვეყნებისთვის.

 

„უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, შავმა ზღვამ შეიძინა უფრო მეტი მნიშვნელობა. შავი ზღვა განხილული უნდა იყოს როგორც ევროპული უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი, ვინაიდან ის თამაშობს სტრატეგიულ როლს ენერგოდერეფნების თვალსაზრისით. ჩვენი პრიორიტეტია გავაძლიეროთ ნატო-ს შეკავების პოლიტიკა და თავდაცვისუნარიანობა. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მიმართულია, რომ ნატო-მ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა დიპლომატმა.

 

მისი თქმით, ბულგარეთი პატივს სცემს საქართველოს ძალისხმევას კავკასიასა და შავი ზღვის აუზის რეგიონში შეინარჩუნოს სტაბილური, უსაფრთხო გარემო.

 

ელჩმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

„საქართველოსთან გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები და მაღალ დონეზე ვთანამშრომლობთ ორმხრივ თუ საერთაშორისო ფორმატებში. ბულგარეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ვესელინ ვალკანოვმა.

 

ელჩმა ყურადღება გაამახვილა როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ასევე, სექტორული მიმართულებით თანამშრომლობაზე. ისაუბრა ბულგარეთის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ დახმარებაზე და ხაზი გაუსვა, რომ ამ კუთხით საქართველო ბულგარეთისთვის პრიორიტეტულ ქვეყანას წარმოადგენს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები