პოლიტიკა

საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12.04.23 10:00


საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და მემორანდუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ივლისში საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელზედაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

 

მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, მართლმსაჯულების დიგიტალიზაციის, დანაშაულის პრევენციის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის. ამ მიზნით მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავებას, აგრეთვე, ერთობლივი სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სამართლებრივი ფორუმების ორგანიზებას.

 

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა. რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი.

 

პორტუგალიაში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან. დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებასა და იუსტიციის ცენტრში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები