პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ამოცანაც არის, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

13.04.23 10:40


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე შემშლელი ფაქტორი არ იქნება, თუმცა ვინაიდან ვხედავთ, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური განზომილებაც აქვს, რთულია, ითქვას, რა იქნება შემდეგი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ვხედავთ სამწუხარო ფაქტებს, როდესაც ხდება ტორპედირება საქართველოს პროგრესისა ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ. ეს არის, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციები. მე ვერ გეტყვით, რა ფაქტორები როგორ მუშაობს საბოლოო ჯამში, თუმცა სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები არიან და ვხედავთ მათ დაჟინებულ საქციელს რეზოლუციებით. სამი რეზოლუცია იყო საქართველოსთან დაკავშირებით და სამივე რეზოლუციაში იყო მოყვანილი ფაქტები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა; ეს არის რეზოლუცია, სადაც კეზერაშვილი და სააკაშვილი დადებით კონტექსტშია ნახსენები, საუბარია თითქოს კრემლთან კავშირებზე და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, რაც საქართველოსთან მიმართებით ვრცელდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

შეკითხვაზე, როგორ უნდა მიიღწეს ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შესრულება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაშია.

 

„შევხედოთ, რა ხდება მსოფლიოში. პოლარიზაცია, სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკის ახალი ნორმაა. პრობლემა საქართველოში არის ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ამოცანაც არის, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, „ლელოს“ წარმომადგენლებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში. ეს არის რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური ამოცანა. აქ არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, დეპოლარიზაცია-დერადიკალიზაციაში წვლილი უნდა შეიტანონ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე აქტორებმაც. თავისი წვლილი რადიკალიზაციაში აქვთ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე აქტორებსაც. იგივე რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, ფაქტობრივად, ყოველდღიური მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, ქართული პოლიტიკის კომენტატორობა და თუნდაც ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეებს შეეხება, მხოლოდ აღვივებს რადიკალიზმს, საკვებს აძლევს რადიკალურ ჯგუფებს, რომ გახდნენ კიდევ უფრო მეტად რადიკალები და აქედან გამომდინარე, ეს აზიანებს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს ევროპასთან დაკავშირებით. ამიტომ ვამბობ, ჩარევები, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, არის ქართველი ერის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები