პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებას და კეზერაშვილს შორის

18.04.23 14:00


თუ დადასტურდა, რომ ასეთი ქსელი არსებობდა, შეუძლებელია, ეს ქსელი საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე არსებულიყო. შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებასა და დავით კეზერაშვილს შორის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ თაღლითურ სქემაზე BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პირობებში, რაღაც თვალსაზრისით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გავლენები უზომოდ გაიზარდა.

 

მისივე თქმით, ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი, დავით კეზერაშვილი.

 

„იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სანქცირებული მოსამართლეების ძმაკაცია და თქვა, რომ ეს მოსამართლეები ჩვენთვის საამაყოა, რაღაცნაირად არის იმის შანსი, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურებოდეს, ვიდრე ის ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩლაძის სასამართლო მას შემდეგ შეუყვარდა, რაც ხელისუფლებაში მოვიდა. ერთგვარი განწმენდა, ერთგვარი ცოდვების მონანიებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს უპირატესობა, რომელიც ფაქტობრივად, ნაჩუქარია, გამოვიყენოთ. მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს არის ის, რომ ოპოზიციის მთავარი დონორი სკანდალშია გარეული, ოღონდ არა საქართველოში და პოლიტიკურ სკანდალში, არამედ ევროპაში და კრიმინალურ სკანდალში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი. ჯერ არ ვიცით, როგორ მორჩება ეს ამბავი, მაგრამ როგორც არ უნდა მორჩეს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა რომ ასეთი ქსელი არსებობდა, ეს ქსელი შეუძლებელია არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. არ მჯერა, რომ საქართველოში სუს-ისთვის უცნობია, 12 ათასი კაცი სადღაც რომ მუშაობს და რაღაც სქემა არსებობს. შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან საქართველოს ხელისუფლებას და კეზერაშვილს შორის,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები