პოლიტიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრი - რაც ვნახეთ, ეს არის „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში

18.04.23 16:30


ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორედ გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული - ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს, არა მარტო რიკოთზე, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

მინისტრმა განმარტა, თუ რა პროცესები განვითარდა რიკოთზე, 147-ე კილომეტრზე.

 

„147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმის და სხვა კლიმატური ზეგავლენის შედეგად ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია. მიღებული იქნა ეს {საგზაო მოძრაობის ჩაკეტვის} გადაწყვეტილება და მყისიერად დავიწყეთ პროვოცირება დიდი ქვის მასების ჩამოშლის. რეალურად ამას ვეძახით ჩვენ ფერდის ჩამოწმენდას, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამცირო საფრთხე. ამას მოვუნდით 2 დღისა და ერთი ღამის განმავლობაში. 11:27 წუთზე უკვე გაჩერებული იყო მოძრაობა. ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორად გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული. ასეთი ლოდი კიდევ ბევრი ჩამოვაგდეთ ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად, თუკი რაიმე განვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის გვექნებოდა, გვაქვს და გვექნება იმის რესურსი, რომ ჩავკეტოთ მოძრაობა და არავითარი უბედური შემთხვევა ამის გამო არ მოხდეს. შესაბამისად, ჩამოიწმინდა, ჩამოვიდა ის დიდი მასები, რაც დათვალიერების შედეგად ჩანდა. ასევე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და კლდესთან მანძილი გაიზარდა. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ქვათაცვენას ექნებოდა ის ეფექტი, რომ ჩვენ გვექნებოდა სიგნალი დროული და დროული რეაგირება ამაზე, რომ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს ჩვენ, არა მარტო რიკოთზე.

 

რა თქმა უნდა, მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური შეფასება. ახლა მე რაც მოგიყევით იმ ვადებიდან გამომდინარე, რაც იყო, ამას შეიძლება ეწოდოს კოლაფსი? ეკონომიკური კოლაფსი? ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხი, რომელიც ამ სიტყვებს იყენებს, მათი რეალური მნიშვნელობა არ იცის. ან გამძაფრებული აქვს რაღაც გრძნობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

 

მინისტრის განმარტებით, 147-ე კილომეტრზე მომხდარს მოსახლეობის უსაფრთხოებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

 

„ბევრ სხვა არსებულ გზასთან გვაქვს ანალოგიური შემთხვევა და იმასაც ვმართავთ. აქამდე არ დამდგარა ეს საკითხი, მაგრამ როდესაც სურვილი გაქვს, რომ შენი მოსახლეობა დაძაბო, დააშინო, ამით გამოიწვიო მათი უკმაყოფილება, დისკრედიტაცია, როგორც პროექტს, ამ პროექტში ჩართულ ექსპერტს, ადამიანს, მუშას ასე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე აკეთო, მიუღებელია. ეს არის რეალურად „მოდელირებული ქრონიკა“ რიკოთთან მიმართებაში. საზოგადოებას რომ ეტყვი, „ვაიმე, არაფერი ეშველება, დავიღუპეთ, არ იციან ამათმა“, ეს შეიძლება? მეტი კი არაფერი იყო ტანკის სურათი რომ აჩვენეს, აი, შემოიჭრნენო,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

 

ამასთან, როგორც ქარსელაძემ განმარტა, ნაპრალები არსებული გზიდან 200 მეტრში განვითარდა, რომელიც შეიძლებოდა მეწყრულ პროცესებში გადასულიყო. ქარსელაძის თქმითვე, აღნიშნულს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან.

 

„რიკოთთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებებზე მინდა განმარტებები გავაკეთო და ასევე, გესაუბროთ, თუ რა ფაქტებია ყოველგვარი ლოგიკური, ან სხვა მსჯელობების გარეშე, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკამოკლებული, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და საბოლოო ჯამში ვიხილეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ამ ტყუილზე დაყრდნობით მოსახლეობის კიდევ უფრო ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, რომ რაღაც უსაფრთხო არ არის, რომ რაღაც ვერ ხერხდება. თუ ვინმე ამასთან კავშირში იყო, აბსოლუტურად ყველა გალანძღეს, ასე უმიზეზოდ. ამას აკეთებდა ხალხი, რომელსაც ნახევარი სარაია არ აქვს აშენებული, უხერხულია, ამაზე რომ ვლაპარაკობ, ეს არის საცოდაობა მთელი ამ სიტუაციის. ისედაც, როცა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, არ სჭირდება ამას ხელოვნური დაძაბვა და მითუმეტეს, ხელოვნური დაძაბვა თუ ეს ხდება ტყუილების, დამახინჯებული, ბოლომდე არ ნათქვამი, მანიპულირებადი მონაცემებიდან და ჰაერიდან მოტანილი ამბიდან. ასე არ შეიძლება! ამას რომ აკეთებ და პირდაპირ ეთერშიც აცხადებ, რომ ახლა დამირეკეს, გზა დაკეტეს, რადგან მეწყერი ჩამოვიდაო, ამ დროს არაფერი ხდება, ამას რა ჰქვია? მოდელირებული რეალობა, მოდელირებული „ქრონიკა“, ამას ვერ გაცდა ეს ხალხი. საზოგადოება უნდა დააშინონ - არ შეიძლება იქ გადაადგილება, როგორი უსუსურები და უნიათოები არიანო.

 

149-ე კილომეტრი, ეს არის რიკოთის უღელტეხილი, თოვლის ლღობის შედეგად, დაფიქსირდა არსებული გზიდან 200 მეტრში ნაპრალები. ეს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა და აქ მონიტორინგი გაგრძელდა, ისევე, როგორც დაიგეგმა შესაბამისი დამატებითი საჭირო ღონისძიებები კვლევების ჩათვლით, რათა გაგვეგო, რასთან გვქონდა საქმე. 29-ში მნიშვნელოვნად დამძიმდა აღნიშნული ვითარება, რადგან პოტენციურმა მეწყერმა დაიწყო იმგვარად მოძრაობა, რომ ნაპრალები გაიზარდა. შესაბამისად, სიტუაცია სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომეტებულ საფრთხედ შეფასდა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელ გარემოებად შეფასდა, რომ აღნიშნული გზა დაკეტილიყო და წინსწრებად მოხდა მოძრაობის დაკეტვა. შედეგად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით გადაერთო. ეს გადაწყვეტილება 29-ში, 23:45 საათზე იყო მიღებული. ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და ეს იყო სწორედ იმის შედეგი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შესაბამისი კონტრაქტორი, შესაბამისი საზედამხედველო ორგანიზაცია თუ როგორი პროფესიონალიზმით მართავდა აღნიშნულ პროექტს. მეორე დღესვე მოხდა, დეტალური განცხადების გაკეთება და გაზიარებული იქნა ის გეგმა, თუ რა ხორციელდება, როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში.

 

სასწრაფო წესით გაგრძელდა კვლევების წარმოება, შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტი შედგა, რომელიც პირველად გეოლოგიურ ინფორმაციებს საჭიროებდა. არსებული გზიდან 200 მეტრში განვითარებული ნაპრალებია, რომელიც შეიძლებოდა მეწყრულ პროცესებში გადასულიყო, ამას არაფერი კავშირი აქვს ახალ მშენებლობასთან. 7-ში საღამოს, პირველადი გეოლოგიები მივიღეთ და წინასწარი მონაცემები შევიყვანეთ სისტემაში, რომლითაც გამოვიანგარიშეთ რისკფაქტორი, რომელიც მეწყერის გააქტიურებას უკავშირდებოდა. დასაშვებად იქნა მიჩნეული, რომ შესაბამისი რეჟიმის დაწესებით - 8-ში 07:00 საათიდან მოძრაობა გაიხსნა მსუბუქი ავტომობილებისათვის და უკვე 21:00 საათიდან სატვირთო ავტომობილებისთვის. ვიდრე ეს შეფასება გვექნებოდა, 31-ში, დღის მეორე ნახევარში უკვე სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ, აქაც სპეციალური რეჟიმი იყო დაწესებული. ამ მოცემულობაში, არავითარი რისკი და საფრთხე არ არსებობდა.

 

მეწყრის ჩამოშლა არ მომხდარა, მეწყრის განვითარების მომეტებული საფრთხე იყო, რის გამოც, წინმსწრებად იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. პირველი შეფასებები ისიც კი იყო, თურმე, 9 აპრილის აქციის გამო გაგვიკეთებია ეს, რა თქმა უნდა, ეს არ დადასტურდა, ეს ისეთივე უსაფუძვლო, აბსურდული და ისეთივე ტყუილი იყო, რომელიც მერე ვიხილეთ“, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები