პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - მიუხედავად ოპოზიციაში არსებული განსხვავებისა, „ქართულ ოცნებაზე“ ძალიან სერიოზული ზეწოლა შევძელით

20.04.23 13:40


ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტიც, ჩვენ პარლამენტში დაინიცირებული გვაქვს რამდენიმე საგამოძიებო კომისია, მათ შორის, 5 ივლისის მოვლენებზე, ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც უნდა დაისვას შეკითხვები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" წავა ყველანაირ საბოტაჟზე, თუმცა, პარლამენტში შეიქმნა მოცემულობა, როცა კოორდინაციის ფონზე, მიუხედავად ოპოზიციაში არსებული განსხვავებისა, სერიოზული ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ "ქართულ ოცნებაზე".

 

"ჩვენი მობილიზაციის შედეგად, მათ ჰქონდათ შიში და გაიქცნენ ორჯერ დარბაზიდან ანუ უმცირესობაში გადავიდა უმრავლესობა და ძალიან სამწუხაროა, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძეს და მთლიანად "კლანს" გადაეფარა. დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ კლანი და "ქართული ოცნება" არიან შეზრდილები ერთმანეთთან, პრაქტიკულად აღარ არსებობს, ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც აქტიურად არის განხილული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ახლა დგება უკვე მეორე ეტაპი. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს, ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიციის ყველა საპარლამენტო ფრაქციის და ჯგუფის გეგმა, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება" წავა ყველანაირ საბოტაჟზე, რომ ეს კომისია არ შეიქმნას. უფრო მეტიც, ჩვენ პარლამენტში გვაქვს რამდენიმე საგამოძიებო კომისია დაინიცირებული, ერთი მათ შორის არის 5 ივლისის მოვლენებზე, რომელიც ეხება წარმოუდგენლად მძიმე მოვლენებს საქართველოში, მე ვთვლი, რომ ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც უნდა დაისვას შეკითხვები და ეს კომისია უნდა გამოვიდეს დღის წესრიგში და ასეთი მობილიზაცია უნდა იყოს. ჩვენ პარლამენტში შეგვექმნა ის მოცემულობა, როცა კოორდინაციის და მობილიზაციის ფონზე, მიუხედავად ოპოზიციაში არსებული განსხვავებისა, შევძელით ძალიან სერიოზული ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოკრას ხელი და ეს იქნება პატარა ნიურნბერგი, დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მუქარა, თუმცა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მას არ მიაქცევდა, რადგან ერთი და იმავეზე საუბარი მათ ამომრჩეველსაც მობეზრდა, ხოლო თუ სასამართლო სისტემაში მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს არსებული პრობლემების გამოკვლევა სურდა "ოცნებას", ეს შეიძლებოდა იმ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც, რომლის შექმნაც ოპოზიციას სურს.

 

"ეს საგამოძიებო კომისია გამოიძიებს პრობლემებს სასამართლო სისტემაში და მათ შორის, ეს მოსამართლეები იყვნენ წინა ხელისუფლების მოსამართლეებიც, ამიტომ თუ უნდათ რაიმე სახის პრობლემის გამოკვლევა სასამართლო სისტემაში, ეს კომისია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ მათ ეს არ სურთ, მათ სურთ გადაეფარონ "კლანს". ეს განცხადება არის მუქარა და გაცვეთილი არგუმენტაცია, ძალიან სუსტი გზავნილები და აჩვენებს მათ სუსტ პოზიციას, რომელიც ჰქონდათ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება პოლიტიკოსების მიმართ სანქციების დაწესებას, სასამართლო სისტემაში "კლანის" დასანქცირება იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მაგრამ ახლა უკვე მეორე ეტაპი შეიძლება იყოს იმ პოლიტიკოსების მიმართ დასმული შეკითხვები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვინც ფარავს ამ "კლანს" და არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას ჰქონდეთ კითხვებზე პასუხები,"- განაცხადა დეკანოიძემ.

 

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები