პოლიტიკა

სტრასბურგმა მორიგი დავა საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებაში მიიღო

20.04.23 15:20


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთშორისი სარჩელი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ წარმოებაში მიიღო. ეს საქართველოსა და რუსეთს შორის სტრასბურგში რიგით მე-4 დავაა.

 

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, საქმე ეხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვართან ადამიანის უფლებრივი მდგომაროების გაუარესებას.

 

კერძოდ, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელმაც კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში მიაღწია, როცა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

 

როგორც საჩივრის გაგზავნისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის.

 

მათ შორის, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლების დარღვევა, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლების დარღვევა (მიმოსვლის თავისუფლება).

 

სამინისტროში აღნიშნავდნენ, რომ ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რითაც იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ირღვევა კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები კონვენციის მე-5 მუხლთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), პირველი ოქმის პირველ (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლებსა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან (მიმოსვლის თავისუფლება) ერთობლიობაში.

 

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობამ სთხოვა სასამართლოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები ზემოხსენებული ადმინისტრაციული დარღვევების არამხოლოდ საილუსტრაციოდ გამოიყენოს, არამედ განიხილოს, როგორც კონვენციის ინდივიდუალური დარღვევები, რაზეც სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საქმეები სამ ინდივიდუალურ საჩივარშიც ფიგურირებს, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს:

 

„გამომდინარე აქედან, სახელმწიფოთაშორისო დავის ფარგლებში მხოლოდ ადმინისტრაციული პრაქტიკების გამოკვლევა მოხდება და აღნიშნულ სამ ინდივიდუალურ საქმეს აღნიშნულის საილუსტრაციოდ მხედველობაში მიიღებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხედველობაში არ მიიღებს 2009 წალმდე განვითარებულ მოვლენებს.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები