პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს

21.04.23 12:00


საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს.

 

„სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ.

 

სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა.

 

ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი და განაჩენის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მან ვერც კი გაბედა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები