მსოფლიო

ალიევი ბლინკენს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე ესაუბრა

01.05.23 12:00


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, პირველ მაისს გამართულ სატელეფონო საუბარში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღსა და სომხეთს შორის ახალი გამშვები-საკონტროლო პუნქტის გახსნის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

 

ოფიციალური ცნობით, ენტონი ბლინკენმა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობაზე და აღნიშნულ კონტექტსში აშშ-ს მხარდაჭერაზე ისაუბრა.

 

“სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტ “ლაჩინის” მოწყობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი მოწყობა აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა და ის შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო რეგულაციასთან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუნქტის მიზანი არა გადაადგილების შეზღუდვა, არამედ კონტროლია. ამასთან, სატელეფონო საუბარში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებები დაცულია აზერბაიჯანის კონსტიტუციითა და იმ საერთაშორისო დოკუმენტებით, რომელსაც აზერბაიჯანი აღიარებს”, – წერს აზერბაიჯანული სახელმწიფო მედია ალიევსა და ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

 

2023 წლის 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის კორიდორის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩადგმის შესახებ ცნობა გაავრცელა. ლაჩინის კოროდორი ყარაბაღს აკავშირებს სომხეთთან, შესაბამისად, გარე სამყაროთან. აზერბაიჯანის ოფიციალური ვერსიით, გამშვები პუნქტი საჭიროა იმისთვის, რომ სომხეთიდან აღკვეთოს ყარაბაღში უკანონო სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლა. სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობს, მაქსიმალურად გაართულოს ყარაბაღელი სომხების ცხოვრება, აიძულოს ისინი, თავი დაუცველად იგრძნონ და ყარაბაღიდან სამუდამოდ “ამოიკვეთონ”.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები