პოლიტიკა

„ოცნება“ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს IRI-სგან, ვიდრე სხვა პარტიები – დეგნანი

12.05.23 13:00


აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული მედიები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

 

ამის შესახებ კელი დეგნანმა 11 მაისს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

ელჩის თქმით, 20 წელზე მეტია, IRI საქართველოში მრავალპარტიულ დემოკრატიას მხარს უჭერს და „ქართული ოცნება“ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს IRI-სგან, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია.

 

„ქართული ოცნების“ ბევრი ლიდერი IRI-ის პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობდნენ [ამ პროგრამებში] და სარგებლობდნენ იმით, რასაც IRI აკეთებს საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის 20 წელზე მეტია. ასე რომ, ნამდვილად აჩენს კითხვას, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვების ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდებს, რომლებიც უბრალოდ დაინტერესებულნი არიან ისწავლონ, როგორ იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში.

 

დამოუკიდებელი გამოკითხვა, როდესაც ის არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლიდერებისთვის იმაზე ინფორმაციის მისაღებად, თუ რა არის საზოგადოების პრიორიტეტები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაგრგძელდეს დამოუკიდებელი გამოკითხვები, როგორც ამას მრავალი წელია IRI და NDI მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკეთებენ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად IRI და NDI ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ და ამიტომ აშშ-ის მთავრობა ამაყობს, რომ მხარს უჭერს მათ.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ახალგაზრდებს სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომელიც მათ მომავალს განსაზღვრავს. სწორედ ამაზე მუშაობს IRI – ეხმარება მათ განივითარონ უნარები, რათა შეძლონ საკითხების განხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ აქვთ განსხვავებული შეხედულებები. საუბარი იმაზე, რომ დაეხმარნონ მათ იმის გაგებაში, თუ როგორ მიიღონ მშვიდობიანი და კონსტრუქციული მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

რას ამბობენ „ოცნებაში“?


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ IRI საქართველოში აფინანსებს ღონისძიებებს, სადაც „იარაღთან ახალგაზრდების გაშინაურება ხდება“. მისი თქმით, შოკისმომგვრელია ასეთი ღონისძიებების დაფინანსება ამერიკელი გადამხდელების ფულით.

 

პაპუაშვილის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

„პარტნიორებთან არა ერთხელ მქონდა საუბარი, რომ მათი გადასახადების გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და ძალადობის წახალისებისთვის. აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ისეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან ახალგაზრდების გარკვეული გაშინაურება ხდება, რომ მათ საჭირო დროს იარაღის დაჭერა არ მოერიდოთ. ასეთი ღონისძიებები როცა ფინანსდება ამერიკელი გადამხდელების ფულით, არის ძალიან შოკის მომგვრელი.

 

ამ ორგანიზაციებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფელების დაფინანსება რომ ხდება, რადგან შემდეგ არ იყოს საუბარი, თითქოს, ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. ეს ფული პირდაპირ ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაიხედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ყალბი NGO-ებია შექმნილი, რომლის საშუალებითაც ოპოზიციური პარტიები კანონის გვერდის ავლით დაფინანსებას იღებენ. პაპუაშვილმა აუდიტის სამსახურს მოუწოდა, რომ ამ სქემებით დაინტერსდეს.

 

„ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ასეთი ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, ამას ყურადღება მიექცეს. „დროას“, „გირჩს“, „ევროპულ საქართველოს“ ჩამოყალიბებული აქვთ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან არა მხოლოდ აფილირებული ამ პარტიებთან, არამედ მათი ლიდერების დაფუძნებულია და იმართება მათ მიერ. ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულის, რაც არის უკანონო დაფინანსება პარტიების.

 

ამიტომ მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური ამ საკითხით დაინტერესდეს და ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროონ დაფინანსება. მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ. თუნდაც, IRI-მ გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში „გირჩის“ პარტიის გაგრძელებაა. ასევე, რა მიზნებით აფინანსებს და რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით იარაღთან ახალგაზრდების შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო მაშინ საუბარი, როცა ჩვენ ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობის მნიშვნელობაზე. მაშინ, სამწუხაროდ, არასწორად იყო ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ, სინამდვილეში, აქ სხვა ინტერესები იყო – დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რაც საქართველოში შემოედინება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები