პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის  იმ სამი კანდიდატის მხარდაჭერას, რომლებიც უკვე გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები - წინასწარი მოლაპარაკება, რაზეც თითქოსდა მინიშნებები იყო, არ არსებობს

18.05.23 14:40


ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის, რომლებიც გახდნენ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები - არანაირი წინასწარი მოლაპარაკება, კანდიდატების გაცვლა და გამოცვლა, რაზეც თითქოსდა მინიშნებები იყო, არ არსებობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნატო ჩხეიძის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ როგორც ჩანს, მოქმედებდა 4/1- ზე ფორმულა და ფრაქციის ჩათში არა 4, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე“ ითქვა, არამედ ხუთი გვარი ჩავარდა და მე -5 იყო ნიშნიანიძე, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა ოპოზიციას.

 

ბოკუჩავა აცხადებს, რომ მათი არგუმენტები არადამაჯერებელია.

 

„ბუნებრივია, ბუნდოვანი და არადამაჯერებელი იქნება ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება მათ თქვან ამ კონკრეტულ საკითხზე, რადგან არ არსებობს არგუმენტი, რომელიც გუშინდელ ქმედებას გაამართლეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ გააძლიერეს სასამართლო კლანი. არანაირი წინასწარი შეთანხმება არ არსებობდა და ამას დაადასტურებენ არამხოლოდ ჩვენი ფრაქციის წევრები, არამედ სხვა დეპუტატებიც, ისინი იყვნენ ამ გადაწყვეტილების ავტორები და მოუწიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაც აიღეთ იმით, რომ მოუწიათ გასულიყვნენ ფრაქციიდან. ნიშნიანიძის კონტექსტი სრულიად გაუგებარია და რატომ აპელირებს ახლა ეს ადამიანი ნიშნიანიძეზე, რადგან იმ სამ კანდიდატს შორის, რომელთაც მათ მხარი დაუჭირეს და გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ეს გვარი არ ფიგურირებს, შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას იმ სამი კანდიდატის, რომლებიც უკვე გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტაცია, რა დეტალებშიც არ უნდა შევიდეთ, გამართლება ამ საქციელს უბრალოდ, არ ექნება. ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ ამ დეტალებში შევიდე. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არანაირი წინასწარი შეთანხმება, გარიგება, მოლაპარაკება, კანდიდატების გაცვლა და გამოცვლა, რაზეც თითქოსდა მინიშნებები იყო, არ არსებობს და ამას დაადასტურებენ სხვა ოპოზიციური დეპუტატებიც”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ კენჭისყრამდე ფრაქციის ჩათში არა 4, არამედ ხუთი გვარი ჩავარდა, ხოლო მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, რომელიც მეორე ტურში გადავიდა.

 

ჩხეიძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც „ბოლომდე ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი თუ გაგებული“ და ამიტომაც საუბრობდნენ ოპოზიციონერი კოლეგები გარიგებაზე.

 

„გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, „ნაცმოძრაობამ“ კი აღშფოთებული სახე მიიღო“, - განაცხადა ჩხეიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს. როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები