პოლიტიკა

სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს დღეს გამართავენ

27.06.23 10:40


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი საქართველოში შეხვედრებს დღეს გამართავენ.

 

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისს სტუმრობს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება განიხილოს.

 

როგორც საელჩო აღნიშნავს, ვიზიტის მიზანია, კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.

 

„ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ”, - ნათქვამია ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით კი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

 

„ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან. დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.

 

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები