საზოგადოება

აჭარაში დასვენებით ვიზიტორების 72% კმაყოფილია

25.11.16 17:10


უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობა (72%), რომლებიც აჭარაში 2-3 დღე ჩერდებიან, კმაყოფილი არიან ამ რეგიონში მოგზაურობით, აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევაში.

კვლევა მოიცავს 2016 წლის აპრილ-ივნისის პერიოდს, მასში მონაწილეობდა 909 უცხოელი ვიზიტორი. ისინი აჭარიდან გამგზავრების წინ გამოიკითხნენ. ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, უცხოელი ტურისტების 45,4% აჭარაში მეგობრებთან ერთად ჩამოდის, ხოლო 31,1% მარტო მოგზაურობას ამჯობინებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ერთი ტურისტი აჭარაში ყოფნისას, საშუალოდ 1059 ლარს ხარჯავს. ამ თანხაში შედის კვება, სასტუმრო, გართობა, ტრანსპორტი.

ვიზიტორების 55,7% რეგიონს მისი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების, ბუნებისა და ლანდშაფტის გაცნობის მიზნით სტუმრობს. აზარტული თამაშებისთვის ვიზიტორების 9,1% ჩამოდის.

ეკოტურიზმის 90%-ს იზიდავს, ღვინო და გასტრონომიული ტურიზმი — 38,64%-ს, ხოლო კულტურული ტურიზმი — 31,24%-ს. ვიზიტორების უმრავლესობას (95%-ს) აჭარაში ხელმეორედ ჩამოსვლის სურვილი აქვს. 73%-ს იზიდავს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, 68%-ს — სამზარეულო, 47%-ს — ღვინო, 89%-ს — ბუნება და 80%-ს — უსაფრთხოების პირობები. რაც შეეხება არსებულ პრობლემებს, 909 გამოკითხულიდან 1,03 ასახელებს უამინდობას, 1,25% უკმაყოფილოა კონცერტების ორგანიზებით, 0,65% — მომსახურებითა და სასტუმროებში არსებული პირობებით და 0,42% — საგზაო ინფრასტრუქტურით.

გამოკითხული უცხოელი ვიზიტორების მხოლოდ 4%-მა შეძლო დამატებითი სერვისების დასახელება, რომელთა ნახვასაც ისინი აჭარაში მოისურვებდნენ. 0,42%-ს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბიბლიოთეკის ნახვა სურს, 0,42%-ს რუსულენოვანი აუდიოგიდის, 0,6%-ს ბათუმში დამატებითი ავიარეისების, 0,6%-ს — პარკებში დამატებითი ატრაქციონების, 0,6%-ს — საზოგადოებრივი ტუალეტების და 0,6%-ს — სავაჭრო ცენტრების.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 811


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები