საზოგადოება

თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

25.11.16 17:25


ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა მოძრაობის ინიციატივით, თბილისში გაიმართება საპროტესტო მსვლელობა, სახელწოდებით “ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!” მსვლელობა 13:00 საათზე, პუშკინის სკვერიდან დაიწყება და თაბუკაშვილის N27 —ში მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება. როგორც ქალთა მოძრაობის ორგანიზაციაში აცხადებენ ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს.

2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა.

პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია. დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეები მოითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულ ძალადობაზე იმუშავებს.

„ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი.“- აცხადებენ ქალთა მოძრაობის ორგანიზაციაში.

მსვლელობის მთავარი სიმბოლო დროშად აღმართული კაბაა. ქალთა მოძრაობის განცხადებით: “ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით ჩვენ დროშებად აღვმართავთ კაბებს და დავიძრებით პოლიციისკენ. კაბა, რომელიც ექსკლუზიურად ქალის ტანისამოსად ითვლება, ქალთა სოლიდარობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იქნება”. ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფიც. ისინი საპროტესტო აქციას, სახელწოდებით,,არ დავთმოთ ღამე“ საღამოს 9 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ და დედა ენის ბაღში დაასრულებენ. ისინი მოითხოვენ უსაფრთხო საჯარო სივრცეს, რათა ქალები სათანადოდ იყვნენ დაცულები კანონმდებლობით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები