მსოფლიო

“სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას” – ფაშინიანი

18.10.23 14:00


სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას იმ პრინციპების საფუძველზე, რომელიც ევროპული შეხვედრების დროს განიხილებოდა – ესაა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა.

 

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში 17 ოქტომბერს გამოსვლის დროს განაცხადა.

 

ამასთან, ფაშინიანმა სხვადასხვა საკითხთან ერთად ისაუბრა მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასულ 100 ათასზე მეტი დევნილის საჭიროებისა და იმის შესახებ, რომ სომხეთს მათ მხარდასაჭერად საერთაშორისო დახმარება სჭირდება.

 

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

 

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

 

19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/ 

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები