მსოფლიო

ყარაბაღში “ანტიტერორისტული ოპერაციის” შემდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო – ქერიმლი

23.10.23 13:00


აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია ეროვნული ფრონტის ლიდერის ალი ქერიმლის განცხადებით, ყარაბაღში 19-20 სექტემბრის “ანტიტერორისტული ოპერაციის” შემდეგ აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო.

 

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

 

როგორც ქერიმლი აცხადებს, ყოველდღიურად აკავებენ პოლიტიკურ აქტივისტებს, მათ შორის, მათი პარტიიდან.

 

“ხელისუფლებას სურს გამარჯვებული ერი მთლიანად დაიმონოს. არავის ეგონოს, რომ სიჩუმის მიუხედავად, რეპრესიებს გვერდს აუვლის. დაკავებული აქტივისტები საყოველთაო მხარდაჭერას საჭიროებენ, რეჟიმის კრიტიკა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ”, – წერს ქერიმლი ფეისბუკზე. ინფორმაციას გამოცემა “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობითვე, ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რამიდა ნაგიევა და აიატა ისმაილოვა, რომლებიც სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, პოლიციამ წვრილმანი ხულინობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

 

“ეს დიქტატურის აღზევებაა” – როგორ დაარბიეს ქალები აზერბაიჯანის სოფელში

 

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები