საზოგადოება

თბილისში თამრიკო ჭოხონელიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

28.11.16 19:05


ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიურის“ სოლისტს თამარ ჭოხონელიძეს თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, ასევე გაიმართება კონცერტი, რომელზეც, მომღერლის გარდა, მსმენელის წინაშე წარდგებიან მომღერლის დები სოფიო და თინათინ ჭოხონელიძეები და ქალიშვილი მარიამ როინიშვილი. თამრიკო ჭოხონელიძეს მიულოცავენ „მზიურელები“ ეკა კახიანი და მაია ჯაბუა, რომლის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაც ფილარმონიის წინ მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.

„მზიურის“ შექმნის იდეა თბილისის პიონერთა სასახლის პიონერთა ბანაკში დაიბადა.

ანსამბლი მხოლოდ გოგონებისგან შედგებოდა, ყველა მონაწილე მღეროდა, ცეკვავდა და რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა. ანსამბლის პირველ შემადგენლობაში 21 ბავშვი იყო.

ანსამბლის რეპერტუარი უდავოდ ფართო იყო — ქართულ სიმღერებთან ერთად გოგონები მღეროდნენ სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ, უკრაინულ, იაპონურ და თანამედროვე საესტრადო სიმღრებს. გარდა ამისა „მზიურმა“ ჩაწერა ცნობილი ფირფიტა — მიუზიკლი „ჩვენი მეგობარი ბურატინო“.

1976 წელს „მზიურს“ ლენინის სახელობის კომკავშირის ლაურეატის პრემია გადაეცა.

მოზარდებზე „მზიურის“ გავლენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გოგონების ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები შეიქმნა. ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძე „იავნანას“, „სემიონოვნას“ და სხვა სიმღერების შესრულებით გახდა ცნობილი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჭოხონელიძემ მუსიკალური კარიერა გააგრძელა. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით საქმიანობს თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი დების მუსიკალური სტუდია. სხვათა შორის, თამრიკო ჭოხონელიძე და კიდევ ერთი „მზიურელი“, ყველასთვის ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი ერთ დღეს — 18 იანვარს არიან დაბადებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1018


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები