ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ლისაბონში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

15.11.23 16:40


კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა, მთავრობა იყოს უფრო ღია, ხოლო კერძო სექტორი იყოს არა მხოლოდ მომსახურების სერვისის კონტრაქტორი, არამედ ინოვაციური პროცესის ნაწილი, რომ უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. ეს უზრუნველყოფს მეტ კომფორტს, ხელმისაწვდომობას და უკეთეს სამუშაო პროცესს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლისაბონში გამართულ ტექნოლოგიურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „Innovate or regulate.“

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Web Summit 2023 მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელსაც 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სამიტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ.

 

მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ციფრული ტრანსფორმაციისადმი, ასევე აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტექნიკური ეკოსისტემის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა. მისი თქმით, ქვეყანამ მიიღო ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა.

 

„ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას და ვფიქრობ, Web Summit ეფექტური პლატფორმაა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. კარგად ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო პარტნიორობით, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობით და თანამშრომლობის კულტურის განვითარებით ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გავუხსნათ გზა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს კრეატიულობისა და რესურსების სიმდიდრისკენ, რაც ყველასთვის პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანია“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმება ინოვაციურ გადაწყვეტილებებს კერძო სექტორისგან.

 

„ჩვენ ვაღიარებთ იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც კერძო საწარმოებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ გამოწვევების დასაძლევად, ასევე, მდგრადი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

უწყების განმარტებით, ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, მათ შორის, საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო IT კომპანიებისთვის, რომელთა შედეგად საქართველოში შემოვიდა 100-ზე მეტი IT კომპანია და დასაქმდა 10 000-ზე მეტი ადგილობრივი თუ რეგიონალური სპეციალისტი. მისი შეფასებით, საქართველო ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რაც საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები