საზოგადოება

კედლის ჩამონგრევის შედეგად შ. დადიანის N16–ში ოცამდე ოჯახი დაზარალდა

02.12.16 18:05


კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N16-ში, საცხოვრებელი სახლის მზიდი კედელი ჩამოინგრა. შედეგად, 20–მდე ოჯახი დაზარალდა: 8 ოჯახს დროებით საკუთარი სახლის დატოვება მოუწია, ხოლო ნაწილმა უარი განაცხადა შენობის დატოვებაზე.

დადიანის ქუჩაზე ძველი შენობები ადამიანებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს.

ამ უბანში წელს უკვე მეორედ განმეორდა მსგავსი შემთხვევა. ადგილობრივები წლებია საუბრობენ ჩამონგრევის საშიშროების შესახებ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გამო მათ საკუთარი სახლების რეაბილიტაციის უფლებას არ აძლევენ.

დადიანის ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ რესტავრაციისთვის მათ საკუთარი სახსრები არ გააჩნიათ, ხოლო გამგეობის წარმომადგენლები შენობებს ძეგლის სტატუსის გამო ვერ ეხებიან. მათი თქმით, გამგეობაში უცხადებენ, რომ შეიძლება მათი ქირით გადაყვანა, რისთვისაც გამგეობა თვეში 300–400 ლარს გამოუყოფს. თუმცა, როგორც მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, ქირით მუდმივად ვერ იცხოვრებენ.

დადიანის მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავს.

მათი განცხადებით, გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე მხოლოდ სურათების გადასაღებად მიდიან და სხვას არაფერს აკეთებენ. ადგილობრივთა ნაწილი ახალი საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაციას ან ახალი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს.

დაზარალებულთა ნაწილს, რომლებსაც კედლის ჩამონგრევის გამო მოუწიათ სახლების დატოვება, სამუშაოების დასრულებამდე ქირის გადასახადის დაფარვას გამგეობა დაპირდა. თუმცა, როგორც კრწანისის გამგეობაში აცხადებენ, პრობლემას ადგილობრივთა პოზიციების შეუთანხმებლობა ქმნმის. რაიონის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი ამბობს, რომ ერთ ნაწილს დეველოპერის მოზიდვა, ხოლო მეორე ნაწილს, რომელიც ფაქტობრივად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ცხოვრობს, რეაბილიტაცია სურს.

“ვინაიდან ვერ შეჯერდა პოზიციები, მშენებლობაზე ნებართვის აღება შეუძლებელია.

ჩვენ ყველანაირ საშუალებას მოკლებულნი ვართ, რომ დავეხმაროთ მათ. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, რომ ამხანაგობის წევრები შეჯერდნენ, მოგვმართონ და ჩვენ დავეხმარებით, როგორც კულტურული ნაწილის რეაბილიტაციაში, ასევე დეველოპერის გამოჩენისას, ყველანაირ კონსულტაციებს გავუწევთ, როგორ შეიძება ამ ძეგლის ადაპტირება,” – ამბობს გამგებელი.

2016 წლის აპრილში, შალვა დადიანის N14-ის ეზოში ერთადერთი შესასვლელი გზა ჩაინგრა, თუმცა ეს ადგილი ამ დრომდე რკინის საფარით არის გამაგრებული. გზის გარდა, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, რომლებიც რესტავრაციას საჭიროებს.

ადგილობრივები იხსენებენ შემთხვევას, როდესაც გზის ჩანგრევის შედეგად ადამიანები დაშავდნენ. მათი თქმით, ნაპრალები დღითიდღე იზრდება და ეზოში უსაფრთხოდ გადაადგილება კიდევ უფრო საშიში ხდება.

დადიანის ქუჩის მაცხოვრებლები ასევე საუბრობენ ბუნებრივი აირის მილის შესახებ, რომელიც დაზიანებული შენობების კედლებზე ისე მჭიდროდ არის მიბჯენილი, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გასკდეს. ადგილობრივები დედაქალაქის ხელისუფლებასა და კრწანისის გამგეობას საცხოვრებელი ბინებისა და მათი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დიდი ხანია უშედეგოდ სთხოვს.


წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები