საზოგადოება

ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს 

24.01.24 10:50


„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ 4 მთავარი პრობლემა არის: არაფორმალური დასაქმება, დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა, კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა და სასამართლოს ეფექტიანობა.

 

როგორც პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ ეს პრობლემები დარეგულირდება, სხვებიც აღმოიფხვრება.

 

„პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, ის 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება.

 

პირველი პრობლემა არის არაფორმალური დასაქმება. დღეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული არის საერთო დასაქმებულთა 32%. არაფორმალურ სექტორში დასაქმება ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ვერ სარგებლობს იმ მიღწევებით, რასაც „პროფკავშირმა“, ქართულმა საზოგადოებამ შრომის კანონმდებლობის ცვლილებასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიაღწია.

 

მეორე პრობლემა გახლავთ დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა. მინიმალური ზღვარი თუ არ არის, დასაქმება სრულფასოვანი ვერ იქნება. საქართველოში 132 ათას ადამიანს ქვეყნის მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. დამსაქმებელთა სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ანალოგიური პრობლემის წინაშე არიან სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ძალიან დაბალი აქვთ ანაზღაურება და ფაქტობრივად, მინიმალურ ზღვარს უტოლდება. ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით, რადგან ისინი საზღვარგარეთ გაედინებიან.

 

მესამე პრობლემა არის კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა ქვეყანაში. ულტიმატუმის და გაფიცვის ნაცვლად, 21-ე საუკუნეში სოციალური დიალოგის კულტურა უნდა არსებობდეს, რომლის წამხალისებელი ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უნდა იყოს. საქართველოში ბევრია ისეთი კომპანია, სადაც ადამიანებს ანაზღაურება არც ერთი თეთრი არ მომატებიათ. ეს ზრდის სოციალურ უთანასწორობას და ბევრ სხვა სხვა პრობლემატურ საკითხს წარმოშობს.

 

მეოთხე პრობლემა არის სასამართლოს ეფექტიანობა. დასაქმებულ ადამიანებს ხშირად წლების განმავლობაში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ იმისთვის, რომ დაიქირაონ ადვოკატი, აწარმოონ სასამართლო პროცესები, გადაიხადონ სასამართლოში ბაჟი და შემდგომ მრავალი წელი ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, გასულ წელს „პროფკავშირების გაერთიანებამ“ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართა“,-განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები