საზოგადოება

გოგლა ჟვანია ზურაბ ჟვანიას საქმეზე - ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა ადრე გახსნის იმედი

05.12.16 17:55


ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, თუ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს. როგორც გოგლა ჟვანიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, დარწმუნებულია, რომ მისი ძმის საქმეზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმეს, რომლებიც გულგრილობის მუხლით გაასამართლეს და ისინი უკვე თავისუფლები არიან, გოგლა ჟვანიამ განმარტა, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვერავინ იქნებოდა,რადგან ზურაბ ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა არც ყოფილა.
”კობა ხარშილაძე სულ სხვა ბრალდებით იყო გასამართლებული და რაღაც პერიოდი ისედაც მოხდილი ჰქონდა, ძაძამიაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში”, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

რაც შეეხება ექსპერტ ლევან ჩაჩუას, გოგლა ჟვანიას განცხადებით, მასთან დაკავშირებული საკითხი ჟვანიას საქმეში ბოლოხარისხოვნად რჩება.

ზურაბ ჟვანიას საქმის გახნის მრავალჯერ დაანონსების საკითხის კომენტირებისას გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა.

”ვგულისხმობ, თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელიც ”ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელდა. ახლაც აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა ადრე გახსნის იმედი იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა. თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო. დარწმუნებული ვარ, საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

უცხოელი ექსპერტების ჩართვამ გამოძიებაში დრო ძალიან გაწელა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, შეკითხვების გადაგზავნა, პასუხების მიღება და ა.შ. ზოგიერთმა ასეთი მიწერ-მოწერის შემდეგ განაცხადა, ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეა და მასში ჩართვაზე უარს ვაცხადებო. ასეთი თემები იწვევს გაჭიანურებას”, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები