საზოგადოება

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილური

14.03.24 14:00


ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილური.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ზუგდიდის ავტომატური სადგური დაემატა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა, საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნა ლიბერგთან ერთად გახსნა.

 

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებასა და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

სადგურის გახსნის ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაგა კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ნათია ბერიძე, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები ეტაპობრივად აისახება გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალზე - www.air.gov.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები