პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს

18.03.24 11:00


არ ვიცი, არ მაქვს ინტერესი. მე მაინტერესებს ის პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოველდღიურობა, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა კითხვას, რამდენად შეიძლება ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულმა პარტია „ახალმა“ საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები წაიღოს.

 

როგორც ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ აღნიშნა, უმჯობესი იქნება, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ და დიდი ერთობა შექმნან.

 

„ზოგადად, თუ ოპოზიციურ ველზე სხვადასხვა პარტიები მოახერხებენ იმას, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, ეს ძალიან კარგი იქნება. სხვა მიმართულებით რომ გითხრათ, კონკრეტული პარტიები არის ჩემი საფიქრალი და საზრუნავიო, ნამდვილად მოგატყუებთ. ის პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ, აწუხებს ხალხს და ვფიქრობ, იგივე უნდა გააკეთონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, თუ უნდათ ადამიანების ნდობა მოიპოვონ. უნდა იმუშაონ ხალხთან და იმ პრობლემებზე, რომელიც ადამიანებს აწუხებთ. ძალიან გამიხარდება, თუ პარტიები მოახერხებენ, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს 2024 წლის არჩევნებში.

 

„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავიმარჯვოთ. მნიშვნელოვანია, სხვა ოპოზიციონერებმაც გადალახონ ბარიერი, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას. ჩვენ მივესალმებით მათ ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას იმ ერთტურიან არჩევნებში, რომელიც 2024 წელს იქნება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მისი თქმით, ვისთან შეიქმნება კოალიცია, ამას ქართველი ხალხი არჩევნებზე გადაწყვეტს.

 

"ქართველი ხალხი ვისთანაც დაგვავალებს კოალიციის გაკეთებას, იმასთან გავაკეთებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისი მხარდაჭერა ექნება ხალხს იმიტომ, რომ დემოკრატია ასე მუშაობს. ამიტომ უნდა ესმოდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა გაუგებარ თემებზე კინკლაობენ, განიხილავენ, მათ შორის პირად ამბიციებს, პირადი ეგოების დასაკმაყოფილებლად დადიან რიგ შემთხვევაში ეთერებში. ჩემო ძვირფასებო, გამოდით და ხალხს ესაუბრეთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სხვადასხვა მიმართულებით ფასებზე ისაუბრა.

 

„ხელისუფლება ვალდებულია პასუხი გასცეს საქართველოს მოქალაქეებს, რატომ უძვირებენ ცხოვრებას. ვფიქრობ, დისკუსია, რომელიც გახსნილი გვაქვს, არის ბევრად მნიშვნელოვანი, რადგან მოქალაქის ყოველდღიური პრობლემაა. ხოლო დისკუსია, რომელსაც ისინი იგონებენ, ეს აჩვენებს მათ ფსიქიკურ-ემოციურ მდგომარეობას. არ მგონია, ადეკვატური ხელისუფლება ასე იქცეოდეს. ადეკვატური ხელისუფლება პასუხს სცემს, შედის დებატებში, აქვს არგუმენტები და ფიქრობს გამოსავლის გზებზე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მისი შეფასებით, სიღარიბე კი არ დაძლიეს მოქალაქეებმა, არამედ ქვეყნიდან გავიდნენ.

 

"როგორ ხდება, რომ თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში ბევრად იაფია პირველადი მოხმარების პროდუქტები, ვიდრე საქართველოში. ბიზნესში არის მონოპოლიები, სადაც ივანიშვილი ხელს ითბობს. ამ მონოპოლიების დაშლით და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით აბსოლუტურად შესაძლებელია საქართველოში მინიმუმ ის ფასები იყოს, რაც ჩვენს რეგიონშია“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

ipn.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები