საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას საფრთხე არ ემუქრება

12.12.16 19:00


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

მათივე მტკიცებით, საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და არც ერთი პაციენტი მომსახურების გარეშე არ დარჩება.

”რაც შეეხება ზოგადად პროგრამის მიმდინარეობას, უკვე დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი, რასაც მომავალი წლიდან გარკეული ცვლილებები მოჰყვება. პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება და პაციენტების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება. მისი ერთ- ერთი ნაწილია კლინიკების სელექციური კონტრაქტირება, რომლის დეტალებზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს”, - აცხადებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ნულია და სისტემა რომ არ აფეთქდეს, წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება.

როგორც ჭიაბერაშვილმა განმარტა, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც არის 100 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2015 წელს დაიგეგმა. მისივე თქმით, პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ 9 დეკემბრის მონაცემებით, ეს 605 მლნ ლარი მთლიანად გაიხარჯა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები