საზოგადოება

თბილისში ფიროსმანის რესტავრირებული ნახატები გამოიფინება

02.02.17 18:30


ცნობილი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის რესტავრირებული ნახატები „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ „თიბისი გალერეაში“ გამოფენაზე 3-16 თებერვალს იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის სტუმრები ამ ნახატებთან ერთად ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის ფონდის კოლექციიდან სხვა ნახატებსაც იხილავენ.

ნამუშევრებს რესტავრაცია პროექტის „ფიროსმანის აღდგენა“ ფარგლებში ჩაუტარდა, რომელიც უდიდესი მხატვრის სურათების რესტავრაციას ითვალისწინებს. ნახატების რესტავრაციაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში სპეციალისტებმა ნანა მანაგაძემ და ეველინა ქარსელმა იმუშავეს.

ნახატები „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ ფილოლოგ იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში ინახებოდა. ოჯახმა 1989 წელს ნახატები თბილისის მეგობრობის მუზეუმს გადასცა, საიდანაც მირზაანში მხატვრის მუზეუმში მოხვდა. როგორც უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, წინა სარესტავრაციო სამუშაოების გამო ტილოები მრავალმხრივ დამუშავებას საჭიროებდნენ. ამჯერად სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოს მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.

პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) ცნობილი ქართველი მხატვარია თავისი ტრაგიკული ბედით. ის სიღარიბეში ცხოვრობდა და ასევე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მოიპოვა მან მსოფლიო აღიარება. მხატვრის ნამუშევრების უდიდესი ნაწილი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები