საზოგადოება

თბილისში წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება

03.02.17 21:00


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო ბაღებში დარეგისტრირება. დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდება და მიმდინარე წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.

„გასულ წელს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 დახურული ბაღი აღადგინა, 2 ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, 13 ბაგა-ბაღი კი გარემონტდა. რის შედეგად, გაიხსნა 20 ახალი ჯგუფი და 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა შეძლო ბაღებში დარეგისტრირება.

პარალელურად კეთილმოეწყო არაერთი ბაგა-ბაღის ეზო. 2016 წლის იანვრიდან კი, თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის შტატი. 2016 წელს 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც მომსახურება 14 000-მა აღსაზრდელმა მიიღო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ჩატარებული სამუშაოები საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს საჭიროებდა, თუმცა მისივე თქმით, ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ჩაიდოს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები