საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა შაჰინის სახელობის ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზებს განმარტავს

06.02.17 19:40


“საქართველოს განათლების სისტემას აქვს ავტორიზაციის სტანდარტი საკმაოდ მაღალი და მკაცრი, როგორც დოკუმენტაციის, ასევე, შენობისა და ინვენტარის ნაწილში”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა ვერ დააკმაყოფილა კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები.

„დოკუმენტაციაზე კონკრეტულად ხარისხის ცენტრს უნდა მიმართოთ, იმიტომ, რომ მე ტექნიკური სპეციალისტი არ ვარ. დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, ანუ სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი. სკოლაში, სადაც შეინიშნება არაჯეროვანი შესრულების ნიშნები, განმეორებითი მონიტორინგი არის მიღებული პრაქტიკა, ანუ ჩვენ ვცდილობთ, პირველივე შემთხვევაში კი არ ჩამოვართვათ ავტორიზაცია, არამედ პირიქით, მივცეთ საშუალება, რომ გაითვალისწინონ შენიშვნები, ამიტომ, განმეორებითი მონიტორინგის დროს ვცდილობთ, შევამოწმოთ, რამდენად გამოსწორდა ხარვეზები“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად, სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, მინისტრმა განმარტა, რომ დოკუმენტაციის სრულად გადაგზავნამდე, სკოლას სასწავლო პროცესის წარმართვის უფლება აქვს.

„თვითონ დირექტორმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელებს სასწავლო პროცესს ოფიციალური დოკუმენტის მიღებამდე. სავარაუდოდ, აქვთ ამის უფლება. რაც შეეხება ბავშვებისა და პედაგოგების გადანაწილებას, ჩვენ ყველა წინა შემთხვევებში, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა, რომ ბავშვები დაგვებინავებინა სხვა სკოლებში. მათ კანონით აქვთ გარანტია, რომ განათლების გარეშე არ დარჩებიან არც ერთ შემთხვევაში. პედაგოგებს რაც შეეხება, ჩვენ შევეცდებით, ვთხოვოთ სხვა სკოლებს, განიხილონ მათი კანდიდატურები, თუკი ვაკანსიები ექნებათ ან შეექმნებათ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამასთან, განათლების მინისტრი სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე“ და აღნიშნა, რომ იზიარებს ამ პოზიციას. მისივე თქმით, ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ ქართულ, თურქულ ან ფრანგულ სკოლებს ერთნაირად ამოწმებენ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები