საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე - 2019 წელს გადავდგები

10.02.17 21:05


2019 წელს, ჩვენი გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს გახდეს სერიოზული მოთამაშე ბაზარზე და ვფიქრობ, რეიტინგი 15% კი არა, უფრო მეტი უნდა იყოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არხის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ საზოგადოება ფიქრობს, რომ მაუწყებლის რეიტინგი 2-3-4% უნდა იყოს, მას ეს ციფრები არ აინტერესებს და უფრო მეტს მოითხოვს.

კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს, თუ 15%-იანი რეიტინგი არ ექნება არხს 2019 წლის ბოლოს, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში - ექნება თუ არ ექნება 15%-იანი რეიტინგი, გადადგება.

"თუ 2019 წელს მიზანი მიღწეული იქნება და საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, მე გადავდგები და ვიქნები ამაყი. თუ ვერ შესრულდა, მაინც გადავდგები. როდესაც ეს შესრულდება, მე ვიტყვი, აი, აწყობილია ტელევიზია, პოლიტიკური, შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო კუთხით და ჩავთვლი, რომ ჩემი საქმე გაკეთებულია. ეს იქნება ჩემი პასუხისმგებლობა, სხვა პასუხისმგებლობა არ ვიცი. BBC-ზე თუ ჩამოიწევს რეიტინგი, მოხსნიან დირექტორს. არ არსებობს ევროპის ქვეყანა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს 2%-ზე დაბალ რეიტინგს მოუთმენდა და ამაზე იბაასებდა ამდენ ხანს. ნამდვილად არ მოითმენდნენ გადასახადის გადამხდელები", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე განცხადებით, არხის 102 გადაცემიდან გარდა "მოამბისა", ყველა გაივლის "ფილტრს". თუ რა "ფილტრზეა" საუბარი, მაღლაფერიძის თქმით, ამის შესახებ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ვასილ მაღლაფერიძემ არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან არ გააკეთა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები