პოლიტიკა

ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობენ

27.03.17 21:25


ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციის მუშაობაში, ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობენ.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის პირველ დღეს, ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ 21-ე საუკუნეში ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში, საკანონმდებლო მოწესრიგების კუთხით პარლამენტარების როლზე ეროვნული ინტერესების დაცვაში და სხვა.

„ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გლობალურ კონტექსტში განხილვის დროს, კონფრენციის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ იმ საფრთხეებზეც, რომელიც მომდინარეობს ბირთვული იარაღის გავრცელებისგან, ტერორიზმისგან, კიბერ შეტევებისგან, ადამიანებისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგისგან.

განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება არსებული და მომავალი საფრთხეების შემცირების გზების განსაზღვრა. დიდი ბრიტანეთის მაგალითების საფუძველზე, კონფრენციაზე განხილული იქნება ბრიტანეთის ეროვნული უშიშროების მმართველი აპარატის სამოქმედო ფუნქციები სტრატეგიიდან იმპლემენტაციის ჩათვლით. ღონისძიების მონაწილეები ასევე, შეიწავლიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის როლს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის, თავდაცვისა და დაზვერვის საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტის ინფორმაციით, სესიების დასრულების შემდეგ გაიმართება დებატები, რომლის თემა იქნება - შეიძლება თუ არა პარლამენტებს ჰქონდეთ ომის წარმოების უფლებამოსილება.

განხილული იქნება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მაგალითები.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ჯონ ბერკოუს სახელით გამართულ მიღებას დაესწრებიან.

ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 90-ზე მეტი პარლამენტარი იღებს მონაწილეობას, მუშაობას 31 მარტს დაასრულებს.

ღონისძიება ორგანიზებულია ბრიტანეთის საპარლამენტო ასოციაციის მიერ. კონფერენცია ნაწილია მთელი რიგი ძირითადი საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებების სერიისა, რომლებიც ყოველწლიურად იმართება.

ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დაგეგმილია ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის შეხვედრა ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები