პოლიტიკა

კორცხელის ინციდენტის მონაწილე მსოფლიო ჩემპიონი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს

03.06.16 18:50


ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ლაშა დვალიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის განკარგულებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან. ამის შესახებ მინისტრის სპეციალურ განცხადებას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითმა ლაშა დვალიშვილმა ორიოდე თვის წინ MMA წესებით ორთაბრძოლასა და გრამპლინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და უწყებამ საზოგადოებისთვის სპეციალური რეპორტაჟიც კი მოამზადა მასზე.

„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ინციდენტი, ძალადობის ფაქტი, რომელიც ქვეყანაში ხდება. ორმაგად სამწუხაროა, თუკი ამ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურე ფიგურირებს», — ნათქვამია მინისტრის განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ შეიარაღებულ ძალებს თავისი წესები, დისციპლინა და ნორმატიული ფუნდამენტი აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურში მტკიცე დისციპლინასა და განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.

„ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა თავსებადი იყო ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან. შესაბამისად, პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან.

ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას და ღირსების შელახვას!“, — ნათქვამია განცხადებაში.

შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს. ამ ფაქტზე 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დღესვე პროკურატურამ ბრალი წაუყენა ინციდენტის მონაწილე ექვსივე პირს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები