საზოგადოება

თბილისში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა

05.04.17 15:15


ბარმენების შოუ, სტილისტების მასტერ-კლასები, დიზაინერების მორთულობა — ყოველივე ეს თბილისში გამართულ პროფესიული განათლების ფესტივალზე იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის მიზანი, რომელიც Expo-Georgia-ს საგამოფენო ცენტრში ჩატარდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის სასწავლებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობენ.

2013 წლიდან საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირებაა. პროფსასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს — ამ ეტაპზე 37 პროფესიული სასწავლებელი და 10 ფილიალი. 2017 წელს კი დაგეგმილია ხობსა და სტეფანწმინდაში კიდევ ორი ფილიალის გახსნა. პროფესიული კოლეჯები საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს მრავალმხრივ სასწავლო პროგრამას, მათ შორის, დუალურ პროფგანათლებას სთავაზობს, რომელიც სწავლისა და მუშობის შეთავსების შესაძლებლობას იძლევა. ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს კანონმდებლობის გაუმჯობესება, რომლის თანახმად სტუდენტი, რომელიც პროფესიული კოლეჯის დიპლომს მიიღებს, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების პოპულარიზაციას სხვადასხვა დარგების დახმარებით, პრაქტიკული მეცადინეობებით, სრული დაფინანსებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებით გეგმავს.

მომავალში დუალური სისტემით სწავლის დიდი ნაწილი დაწესებულებებში გადაინაცვლებს და სტუდენტები მინიმალური ხელფასის აღებას შეძლებენ. პროცესში დამსაქმებლებიც არიან ჩართული. პროფესიული განათლების ფესტივალი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, ღონისძიებას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები