საზოგადოება

საქართველოში წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი 750 ადამიანს ეთქვა

13.04.17 18:30


კონტრტერორისტული ზომების ფარგლებში, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის 750 მოქალაქეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ანგარიშში.

სუს-ის უფროსმა აპრილში პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიში უნდა წარუდგინოს.

სამსახური 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლა სუს-ისთვის მთავარი პრიორიტეტია.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები.

"ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულებები და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ", — აღნიშნულია ანგარიშში. სუს-ი მუდმივად ებრძვის ტერორისტების გავლენის გავრცელებას და 2016 წელს რიგი ზომები გაატარა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ასევე სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენა. ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი. "2016 წელს სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე დაიწყო. ასევე დასრულდა 2015 წელს აღძრული რეზონანსული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება", — ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, 2016 წელს საქართველოში გამოავლინეს ტერორისტებთან დაკავშირებული რამდენიმე უცხოელი მოქალაქე. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს უცხოელი მოქალაქის მიმართ დაიწყო გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ან მისი ხელმძღვანელობის შესახებ მუხლით. მოქალაქე ცდილობდა შეექმნა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერთა ჯგუფი.

გარდა ამისა, ღონისძიებები გატარდა უცხოელი სტუდენტების მიმართ. "კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების 15-კაციანი ჯგუფის მიმართ, რომლებიც ექსტრემალური მოწოდებებით ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ", — აღნიშნულია ანგარიშში. სუს-ი 2016 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი ინტერესების დაფინანსების ფაქტების გამოვლენაზე ბიზნეს და საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ.

"გამოვლინდა უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე, რომლებსაც დაფუძნებული ჰქონდათ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები. 2016 წლის 2 ივლისს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც ტერორიზმის დაფინანსებას ითვალისწინებს ", — აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე გამოვლინდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით მხარდაჭერას უცხადებდნენ ტერორიზმს.

ისინი სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსის, კერძოდ, ბლოგებისა და სოციალური მასმედიის დახმარებით, ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ.

2016 წლის აპრილსა და ოქტომბერში ამ პირების მიმართ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 328-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაერთიანებას ტერორისტულ ორგანიზაციაში ან დახმარებას ტერორისტულ საქმიანობაში, აღნიშნულია ანგარიშში. საქართველოში ანტიტერორისტული კანონმდებლობა 2015 წელს გაამკაცრეს და გაზარდეს პატიმრობის ვადა ტერორისტული საქმიანობის, ტერორიზმის მოწოდებისა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებისთვის. საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობისთვის სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლიდან ან უვადო პატიმრობას, ტერორიზმის მოწოდება — პატიმრობას ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება — 10 წლიდან და ზევით, უვადო პატიმრობით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები