საზოგადოება

პატრიარქი - დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, რომ ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება

13.04.17 18:40


ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში, მსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვნების შვიდეულის ხუთშაბათს უფალმა თავისი მოწაფეები საკუთარი ხორცითა და სისხლით აზიარა.

”დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე ვნების შვიდეულის ხუთშაბათი, როდესაც უფალმა აზიარა ”მოწაფენი თვისნი ხორცითა და სისხლითა თვისითა”. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება. მოციქულთა შორის წმინდა ზიარება მიიღო იუდა ისკარიოტელმა, მაგრამ იგი წავიდა და გასცა მაცხოვარი. გამცემი გახდა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როდესაც მან მიიღო წმინდა ზიარება, მადლობა არ შესწირა უფალს. მადლობა რომ შეეწირა, ღმერთი აღარ დაუშვებდა ამ საშინელ ღალატს”, - განაცხადა პატრიარქმა.

მასთან, უწმინდესის თქმით, ეს დღე განსაკუთრებული დღეა პირადად მისთვის, რადგანაც 60 წლის წინ ამ დღეს იგი დიაკონის ხარისხში მაშინდელმა პატრიარქმა აკურთხა.

”ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. 60 წლის წინ ამ დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ დიაკონის ხარისხში მაკურთხა. ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. სიმშვიდე მოგცეთ უფალმა”, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ დღესვე სამებაში 19:00 საათზე, 12 ვნების სახარების კითხვა დაიწყება, რომლის დროსაც 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილებს უფლის ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები