ეკონომიკა

განთავსდა პირველი ევროობლიგაციები ლარში

26.04.17 18:20


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართულ ეროვნულ ვალუტაში — ლარში ნომინირებული ევროობლიგაციები პირველად განათავსა, აღნიშნულია ბანკის პრეს-რელიზში.

120 მლნ ლარის ევროობლიგაციები განთავსებულია ხუთწლიანი ვადით, კუპონის განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი დეპოზიტური სერტიფიკატის განაკვეთზე (ბოლო ნიშნული — წლიური 6,9%). გამოშვების ორგანიზატორია TBC Bank. EBRD აპირებს განაცხადის შეტანას მითითებული ევროობლიგაციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგზე. "ევროობლიგაციების განთავსება შესაძლებელი გახდა Clearstream-სა და ქართულ ბაზარს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეული კავშირის წყალობით. ამან ქართულ ლარს საშუალება მისცა, გამხდარიყო გადახდის ვალუტა ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარიუმში, ასევე გაჩნდა შიდა ბაზარზე საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის სტიმულირების შესაძლებლობა", — აღნიშნულია EBRD-ის პრეს-რელიზში.

უფრო ადრე ბანკმა საქართველოში ობლიგაციების ოთხი გამოშვება განათავსა. ბოლო განთავსებული იყო ივნისში — 107 მლნ ლარი, წლიური 6,45%-ით.

ამჟამად EBRD-მა საქართველოში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დააფინანსა 3,1 მლრდ ევროს ღირებულების 205 პროექტი. პირველი კრედიტი ლარში 2010 წლის მარტში გაიცა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები