პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

27.04.17 18:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუქარესტში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე - სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობას. აღინიშნა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ, სადაც ასახულია სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტები.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედება, რაც საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარებად შეაფასა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატის პრეზიდენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

"საქართველო არის მაგალითი ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები ამით, რადგან რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,"-განაცხადა კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუმ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.

რუმინეთის სენატის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას კარგად ესმის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ მიმართულებით რუმინეთი კიდევ უფრო გააქტიურებს საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინელი დამკვირვებლების როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები