პოლიტიკა

წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებზე, შესაძლოა პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა აღარ გავრცელდეს

07.06.16 21:05


სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: - წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, შესაძლოა პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა აღარ გავრცელდეს.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა “სისხლის სამართლის კოდექსში“ იგეგმება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა.

ამასთან, პროექტით ახლებურად განისაზღვრება ძალადობის მუხლი - ცემა ძალადობის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრება და შესაბამისად, დაგეგმილია “სისხლის სამართლის კოდექსიდან“ იმ მუხლის ამოღება, რომელიც ცემისთვის ცალკე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წამების დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს ისეთი გარემოებები ემატება, როგორიცაა - წამება სამედიცინო მანიპულაციების, მედიკამენტების, ან სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე ანგარებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის წინააღმდეგ ცრუ დასმენის მიზნით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტით კონკრეტდება “წამების მუქარა“ - წამების მუქარა დანაშაულად ჩაითვლება მაშინ, თუ ის არის რეალური და იმწუთიერი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასჯელის ზომის გამკაცრებას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის. მოქმედი ნორმით, პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით 2-დან 5-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე. კანონპროექტით ეს ქმედებები დასჯადია თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-დან 7-წლამდე და თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10-წლამდე.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები